„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამეტის ტრიბუნაზე ჩამოთვალა ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერები, რომლებიც მას დღეს „დააკლდა“:
“ძალიან მოკლედ მინდა, შევეხო პარლამენტში არსებულ სურათს. დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია. ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიასა და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით. ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ არის ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს. ძალიან დაგვაკლდება რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში გაჟღერებული რუსეთის ჰიმნი. პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი „თბილისო“. ძალიან დაგვაკლდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა.
ოპოზიცია უსათუოდ სჭირდება პარლამენტს, უფრო მეტად კი ოპოზიცია აკლია ქართულ პოლიტიკას. ქვეყანას სჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის“