პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი „თავად არის შეურაცხყოფა“ და სამწუხაროა, ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით ზიანდება ურთიერთობები. აღნიშნულით მან ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას – „როგორ შეაფასებს არესტოვიჩის გუშინდელ განცხადებას“ უპასუხა.
„თქვენს მიერ ხსენებული ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა. არ მინდა, ბევრი ვისაუბრო, არც მინდა კომენტარები გავაკეთო. სამწუხაროა ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფებით ზიანდება ჩვენი ურთიერთობები ჩვენს უკრაინელ ხალხთან.
მე ყველას ვარწმუნებ, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენს უკრაინელ ძმებთან და დებთან ურთიერთობის გაფუჭებას. მაქსიმუმს ვაკეთებთ უკრაინელების დასახმარებლად. საქართველო 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი ხალხია ჩართული ამ პროცესში სოლიდარობის გამოსახატავად, დასახმარებლად.
ადგილობრივად ვინც ჩამოვიდა მაქსიმალურად ვეხმარებით, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვუკეთებთ. პოლიტიკოსებს რაც შეეხება, პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან. ქვეყნები, ხალხი ადგილზე რჩება, ამ ყველაფერს ხელს შევუწყობთ“- აღნიშნავს პრემიერი.
შეგახსენებთ, რომ ალექსი არესტოვიჩმა საქართველოს ხელისუფლებას ასე მიმართა: “მოდით, ბაჭიებო, გეტყვით შემდეგ რამეს: თქვენს პოლიტიკას შეფასებას მისცემს ქართველი ხალხი, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი სალამი”.