საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა, ექიმი ნიკოლოზ სააკაშვილი, “ქართული ოცნების” დეპუტატს, ასევე მედიკოსს, დავით სერგეენკოს, მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის მონახულებას თხოვს.
“ვითვალისწინებ რა თქვენს ჰუმანურობას, ექიმის პროფესიისადმი ერთგულებას, შინაგან წესიერებას, როგორც მამა , ექიმი, თქვენი კოლეგა და თქვენი მინისტრობისას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულაციის საბჭოს წევრი, უმორჩილესად გთხოვთ დამიდექით გვერდში” – წერს აკადემიკოსი მმართველი პარტიის წარმომადგენელს.
ნიკოლოზ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მის შვილს სერგეენკოს პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება:
ბატონო დავით, ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ ექიმთა საზოგადოებიდან, ვიცი რა თქვენი მაღალი პროფესიონალიზმის შესახებ, გადავწყვიტე, მომემართა თქვენთვის, როგორც ჭკვიანი ექიმისათვის და არა პოლიტიკოსისათვის.
ეჭვი არ მეპარება, გულთან მიიტანთ ჩემი და ჩემი ოჯახის თხოვნას, ინახულოთ ჩემი შვილი, როგორც ექიმმა, რუსთავის მე 12 საპყრობილეში. ეს თხოვნა მისგანაც მოდის. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ენდობა თქვენს პროფესიონალიზმს და ობიექტურობის.
უაღრესად მნიშვნელოვანია, გადადგათ ეს ნაბიჯი, არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ მაღალი კვალიფიკაციის ექიმ- რეანიმატოლოგმა და სწორად შეაფასოთ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა”- აღნიშნულია წერილში.