“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბადრი ჯაფარიძეს “ბრალი რომ ეღიარებინა” მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მისთვის მანდატის შეწყვეტაზე დიდი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა.
ამ თემაზე მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართლებრივად ყველაფერი გამართულია.
“კონსტიტუციაში წერია მარტივად, თუ პირს შეეფარდება სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ამ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია ამ დეპუტატს შეუწყვიტოს უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში, ეს მოცემულობა სახეზეა. სასჯელი შეეფარდა, ოღონდ აღსრულების გარეშე. […]
წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ აღიარეს დანაშაული, თქვეს, რომ ასეთი რაღაც მოხდა, 10 წლის წინ ვალები გვქონდა დასაფარი, პრობლემები გვქონდა, ვერ ვაკეთებდით ამას სხვანაირად, მოგვიწია 17 მილიონის, თუ რამდენიც იყო, “ჭუტა” წერეთლის მეშვეობით გამოტანა, მერე ჩამოწერა. ვითაღლითეთ, რაღაც გავაკეთეთ. რაღაც მოტივი ხომ ჰქონდათ, იმედია, სახლის ასაშენებლად არ გამოიტანეს ის ფული. რაღაც მიზნისთვის სჭირდებოდათ. დაბადების დღის გადასახდელად რომ არ გამოუტანიათ ფაქტია, პირობითად ვამბობ. აღიარების პირობებში ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით იქნებოდა განსხვავებული. როდესაც შენ აღიარებ დანაშაულს, ამით შენ არ უპირისპირდები სისტემას, მაგრამ აქ იყო სხვა მოცემულობა. როდესაც შენ თაღლითობაში დაგდებენ ბრალს და და მსჯავრი გაქვს, ასეთ დროს ან უნდა აღიარო, ძნელია პოლიტიკოსისთვის თაღლითობის აღიარება, ან მეორე ვარიანტია, არ აღიარებ და იძულებული ხარ, დაუპირისპირდე სისტემას. გახსოვთ რა ხდებოდა? ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პირდაპირ ჩვენ გვადანაშაულებდნენ იმაში, რომ ჩვენ დავავალეთ სასამართლოს ამ განაჩენის გამოტანა და ამის გამო შეეფარდათ სასჯელი”, – თქვა კობახიძემ.