შესაძლოა, “ოცნებისთვის” პოლარიზაციის დარბილება გამოსავალია, თუმცა ამას არ აკეთებენ რადგან წითელი ხაზი მოსკოვიდანაა-მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება “ქართული ოცნებისთვისაც” გამოსავალი იყოს, თუმცა მისი აზრით, მმართველ გუნდში ამის შესაძლებლობა არ აქვთ, ვინაიდან ეს საკითხი მოსკოვისთვის წითელი ხაზია. განცხადება მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში გააკეთა.

“ერთ-ერთი შეხედულება, რომელიც მე ჩამომიყალიბდა არის, რომ დიდი შანსია, ქართული ოცნებისთვისაც, მათ შორის, ამ პოლარიზაციის დარბილება კონკრეტულად სააკაშვილთან მიმართებით იქნებოდა გამოსავალი და ბევრი პრობლემის მოხსნის შესაძლებლობა, თუმცა მე ვუშვებ იმას, რომ ამის შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ, რადგან აქ გადის წითელი ხაზი, რომელიც არის მოსკოვიდან”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, მესამე პრეზიდენტს დღეს, 27 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ “მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი”.

ამასთან, მეოთხე პრეზიდენტმა თქვა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთულეს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომელიც ახლა საქართველოს წინაშე დგას და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარსარდლების პოზიცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share