აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ლაჩარი უწოდა.
მისი თქმით, პუტინი ბავშვებთან და მშვიდობიან მოსახლეობასთან ომს აწარმოებს,- ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა MSNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი ლაჩარია. ის მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობს. ის ბავშვებს ებრძვის და მათ ომის იარაღად იყენებს. პუტინი ლაჩარია, ზელენსკი კი- გმირი“, – განაცხადა პელოსიმ.
სპიკერის თქმით, პუტინი რუს ჯარისკაცებს სისასტიკისკენ, ბავშვებისა და ქალების გაუპატიურებისკენ აქეზებს.
„ძალადობის ეს აქტები ცივილიზებული, ადამიანური ქცევის ზღვარს მიღმაა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში უნდა იყოს და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება“, – განაცხადა მან.