ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი, ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ჩვენი გაბუს და ჩვენი დათას, და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა.

დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის 💔 RIP 💔”

წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნიკა გვარამია.

 

ჯულიეტა ვაშაყმაძე 1933 წლის 14 აგვისტოს დაიბადა.

საშუალო განათლება თბილისის პირველ ქალთა სკოლაში მიიღო, რომელიც 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1958 წელს, როცა იგი ბოლო კურსზე იყო, ბატონ სერგო ზაქარიაძის რჩევით საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა და 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძე იწყებს მუშაობას ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.

დაქორწინებულია ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაზე, წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს — გიორგი, რომელიც თავადაც ცნობილი ტელეწამყვანია და დათა, ასევე სატელევიზიო მუშაკი, პროდიუსერი.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს. გარდა ტელევიზიისა, ჯულიეტა ვაშაყმაძემ კინოშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა.

მისი შვილი არის ქართველი ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share