“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პოლიტიკური განაჩენის მოლოდინშია – “რუსთავი 2-ის” საქმეზე, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.
ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ მოსამართლე კრიტიკული მედიისა და მედიამენეჯერის გასაჩუმებლად, პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს.
სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ რეალურად დანაშაული არ არსებობს და ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება.
“ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე რა თქმა უნდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამის თქმის საფუძველს ძალიან ბევრი გარემოება იძლევა, ერთია ის, რომ დანაშაული არ არსებობს ზოგადად და ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საკმაოდ კვალიფიციური, სანდრო დასკვნა, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიერ გაცემული. ეს არის შემთხვევა, როცა ნიკა გვარამიას, როგორც “ქართული ოცნებისთვის” პოლიტიკურად და მისი საქმის გამო მიუღებელი პირის მიმართ ხორციელდება ანგარიშსწორება სისხლის სამართლის წესით”, – თქვა GDI-ის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილმა.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, პოლიტიკური პროცესების ფონზე ამ საქმის განხილვა და მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტი სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.