გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურება მოდუნების საშუალებას მაინც არ გვაძელვს.
„როგორც ანტიგენის, ასევე PCR-ის ტესტირებაში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები, ვინაიდან როცა ტრანსპორტი არ მუშაობს, მათ მოსახლეობასთან ყველაზე მეტი შეხება აქვთ. ასევე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ტესტირებაში ჩვენი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. მოგეხსენებათ, ამ ხსნის განმავლობაში სხვადასხვა რელიგიური რიტუალი იქნება. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება რამდენიმე ღია ბაზრობას, საკოლმეურნეო ბაზრობაზეა საუბარი – სასურსათო ბაზრობაზე იქნება ტესტირება ჩატარებული.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, მაგრამ ეს ჩვენ თვითდამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს და ის რეკომენდაციები, რასაც ვამბობთ – პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია უნდა გაგრძელდეს ძალიან დიდ ხანს, ასევე გაფართოებული ტესტირება და ამავე დროს, დღეს ვისაუბრეთ ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებით ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.