“საქართველოს ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის“, – ასე გამოეხმაურა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტს. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი აცხადებენ, რომ გვარამია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. “საქართველოს მთავრობა ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას იმით, რომ მოსამართლეს გამოატანინეს პოლიტიკურად მოტივირებული ვერდიქტი ოპოზიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს უკვე მოქმედი მთავრობის ხელწერაა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს პრემიერ-მინისტრად ბატონი ღარიბაშვილი დაბრუნდა”, – აცხადებს კრამერი. “პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის,”- აღნიშნავს ჯიმ რიში. რატომ მიიჩნევენ პოლიტიკურად მოტივირებულად ნიკა გვარამიას საქმეს და რატომ დაემთხვა ოპოზიციური არხის დირექტორის დაპატიმრება ევროკავშირში საქართველოს საკითხის განხილვის პროცესს, ამ საკითებზე ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “კვირის პალიტრას” ესაუბრა:
”ნიკა გვარამიას დაპატიმრებას რამდენიმე განზომილება აქვს. მე სამართლებრივ ანალიზში ვერ შევალ, მაგრამ თუ კონტექსტს და მოვლენების განვითარებას გავითვალისწინებთ, საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. კერძო სამართლის სუბიექტში გაფლანგვებზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც რეალური დაზარალებული არსებობს. ამ საქმეში, დაზარალებული არის არა ინვესტორი, არამედ – ნომინალური აქციონერი, რომელიც პოლიტიკური მოტივაციით მოიზიდა ხელისუფლებამ და დაზარალებლად გამოაცხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ საქმის წარმოება დაეწყო. ზოგადად, “რუსთავი-2“-თან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი მოქმედება იყო პოლიტიკა, სამართალთან და მართლმსაჯულებასთან არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონია. “რუსთავი-2”-ის საქმეში ქიბარ ხალვაშის დაზარალებულად გამოცხადება, ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტური ცინიზმი იყო. მე ვფლობ ინფორმაციას და კარგად ვიცი, რეალურად როგორ ვითარდებოდა პროცესები.
ამ საქმეში თუ ვინმე დაზარალებულია, ესენი არიან დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. ამ ადამიანებს ქონება წაართვეს და ხალვაშს გადაუფორმეს. არ ვიცი, როგორი იყო ქიბარ ხალვაშის წილი ამ დაყაჩაღებაში. ეს გამოძიებას უნდა დაედგინა, მაგრამ გამოძიება საერთოდ არ ჩატარდა. რატომ? იმიტომ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესმა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მახინჯი ფორმა მიიღო – ვინც მთავრობის მიმართ ლოიალური იყო, მხოლოდ მათ დაუბრუნეს წართმეული ქონება. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არ იყვნენ თანახმა, რომ ქონების დაბრუნების სანაცვლოდ, ხელისუფლებისადმი ლოიალური პოლიტიკა გაეტარებინათ. ამიტომაც აარჩიეს ადამიანი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მიმართაც ლოიალური იყო, მათ დავალებებსაც უპრობლემოდ ასრულებდა და არც “ქართული ოცნების” ხელისფლების დავალებების შესრულებაზე თქვა უარი. ყველამ კარგად იცის, რომ ხალვაში “რუსთავი 2”-ის კანონიერი მფლობელი არ იყო. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებით, უნდა ვიცოდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში მართლმსაჯულების მიმართ ნდობა ნულოვანია, ყველა ადამიანი პოლიტპატიმრად მიიჩნევა.
ეს ფაქტი იმოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიღებაზე, მაგრამ ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ სხვა ყველაფერი წესრიგში იყო და ახლა მხოლოდ გვარამიას საქმე გახდება შემაფერხებელი ფაქტორი. ნიკა გვარამიას საქმე უსამართლობისა და უკანონობის ძალიან დიდ წყებაში, ერთ-ერთი ელემენტია.” – აცხადებს ხუხაშვილი.