რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”, ხოლო ბოლო უკრაინელი დამცველები ჩაბარდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აქვეყნებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, “აზოვის” პოლკის დამცველთა ბოლო, 531 – კაციანი ჯგუფი, დანებდა.
„მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორია, სადაც მიმდინარე წლის 21 აპრილიდან აზოვის ნაცისტური ფორმირების უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი იყო ბლოკადაში, მთლიანად გათავისუფლდა“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.
რუსეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იყვნენ, „დაყარეს იარაღი და ჩაბარდნენ, 531 ბოევიკისგან შემდგარი ბოლო ჯგუფი დღეს ჩაბარდა”.
დეპარტამენტმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზოვის” მეთაური ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანეს სპეციალური ჯავშანმანქანით მისი უსაფრთხოების მიზნით.
რუსული მედიის “ტელეგრამის” არხებმა ასევე გაავრცელეს 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინას ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ მისი ქვედანაყოფი ჩაბარდა.