მომდევნო წელს ვალი არა 5 მილიარდ 279 მილიონით, არამედ დაახლოებით, 2 მილიარდ 479 მილიონი ლარით იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო წელს საერთაშორისო პარტნიორებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით, ქვეყანა მიიღებს 2 მილიარდ 178 მილიონ ლარს, საინვესტიციო კრედიტების სახით, მილიარდ 451 მილიონ ლარს, ამავდროულად, დაიფარება გასულ წლებში აღებული ვალები მილიარდ 110 მილიონი ლარის ოდენობით.
„ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად მიღებული რესურსი მოხმარდება წინა წლების ფასიანი ქაღალდების დაფარვას. შედეგად, ჯამურად განხორციელდება არა ვალის ზრდა, არამედ მისი დაფარვა 40 მილიონი ლარის ოდენობით. ანალოგიური მდგომარეობაა ევრობონდების შემთხვევაშიც. მომდევნო წელს განხორციელდება 500 მილიონი დოლარის ევრობონდების გამოშვება, რაც მილიარდ 650 მილიონი ლარია და ამ თანხით განხორციელდება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.