დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს – ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
საბჭოთა ოკუპაციისა და ანექსიის გამო, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული 3 წლის შემდეგ შეწყვიტა – 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა.
საქართველოს უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა. არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, პარტიამ “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” გაიმარჯვა.
1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი კითხვით:
“თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”
რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა მიიღო, რომელთაგან 98.9%-მა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.