დამოუკიდებლობის მოპოვების 104-ე წელი ქართულმა ოცნებამ თავისუფლების მოედანზე ისე ჩაატარა რომ საზეიმო ღონისძიებაზე ვერც ოპოზიციის ადგილი მოიძებნა და ვერც ყოფილი პრეზიდენტების.
ოცნების ხელისუფლებას ერთი პრეზიდენტი ციხეში ჰყავს გამოკეტილი, მეორეს კი არ აღიარებს. სამაგიეროდ იყვნენ ოცნების წევრები ოჯახებით, საპატრიარქოს დელეგაცია მეუფე შიოს ხელმძღვანელობით და აკრედიტებული ელჩები.
26 მაისი დღესაც სამხედრო აღლუმის გარეშე ჩატარდა, ამაზე უარი ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2013 წელს თქვა მიზეზი კი იმით ახსნა რომ ტრადიცია უბრალოდ საბჭოთა გადმონაშთია. სამაგიეროდ შეიარაღების ნაწილი საჩვენებლად გამოფინეს.
ევროპისკენ – ეს იყო დღევანდელი დღის მთავარი სლოგანი, როგორც ჩანს ევროპის გზაზე დამდგარ პრემიერ მინისტრს რუსეთის როგორც ოკუპანტის ხსენება ამჯერადაც დაავიწყდა, მტერი მხოლოდ ერთხელ ახსენა და ისიც უკრაინის კონტექსტში, რუსეთი რომ ოკუპანტია ვერ გაიხსენა ვერც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ღარიბაშვილისგან სავარძელ გადალოცილმა ბურჭულაძემ სათქმელშიც პრემიერს მიბაძა და გვითხრა რომ მხოლოდ მისმა პარტიამ შეძლო გრძელვადიანი მშვიდობის მოპოვება და ქვეყნის აღმშენებლობა.
საზეიმო ღონისძიებას ოცნების საპარლამენტო გუნდიც ესწრებოდა, რუსეთი ვერ ახსენა ვერც შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად მისულმა ქართული ოცნების დეპუტატებმა კი ყველა კრიტიკული კითხვა აირიდეს და მხოლოდ 26 მაისის მოლოცვით შემოიფარგლნენ.
დღეს პირველად გაისმა თავისუფლების მოედანზე ევროპის ჰიმნი და თბილისის ცაზე მოიერიშე გამანადგურებლები და ვერტმფრენები გამოჩნდნენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით.
ღონისძიებას არ ესწრებოდა მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. მიზეზი შვებულებაა.
დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველო პოლიტპატიმრები ხვდება, დამოუკიდებელი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკვე მე-11 დღეა საპატიმროშია, ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი კი უმძიმეს მდგომარეობაში ვივა მედის კლინიკაშია გადაყვანილი.
მთავარი არხი