პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერის ინტერპელაციის პარალელურად სხდომათა დარბაზში “მთავარი არხის” პროტესტს გამოეხმაურა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი კი არ აშუქებენ ახალ ამბავს, არამედ თვითონ ქმნიან.
“მინდა ჟურნალისტებს მივმართო, რომლებმაც ჟურნალისტების ლოჟიდან გადმოფინეს ბანერი, ძვირფასო ჟურნალისტებო, ის ლოჟა სადაც თქვენ იმყოფებით, ეს არის ლოჟა განკუთვნილი ჟურნალისტებისთვის იმისთვის, რომ მაქედან აწარმოოთ ჟურნალისტური საქმიანობა, თქვენ რასაც აკეთებთ, სინამდვილეში თქვენ ამით გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც ჩვენ მედიაში არის, სამწუხაროდ, მედიის ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი და სწორედ ამით ხართ ახლა დაკავებული, რომ ქმნით ახალ ამბავს და არა აშუქებთ ახალ ამბავს. თქვენ ამ შემთხვევაში ჟურნალისტების ლოჟით სარგებლობთ არა იმ პროფესიული დანიშნულებით, რომლისთვისაც ეს არის გამოყოფილი”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტში ინტერპელაციის ღარიბაშვილის გამოსვლის დროს ჟურნალისტებმა გადმოფინეს ბანერი “თავსიუფლება ნიკას”, რომელზეც ასევე წერია #freemisha. ღარიბაშვილს ჯერ ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.