ბოლო 9 კვირის განმავლობაში გერმანიამ მინიმუმამდე დაიყვანა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე, როგორიც არის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები და ამის მიზეზად ნატო-ს მოკავშირეებთან შეთანხმება დაასახელა. თუმცა მარტის ბოლოდან გერმანიას უკრაინისთვის თითქმის არ მიუწოდებია ხსენების ღირსი მსუბუქი შეიარაღებაც კი, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt am Sonntag მის ხელთ არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 30 მარტიდან 26 მაისის პერიოდში უკრაინას გერმანიის ხელისუფლებისგან იარაღის მხოლოდ ორი პარტია მიეწოდა. ორივე პარტია მოიცავდა მხოლოდ მცირე მოწყობილობებს. სიაში, რომელიც Welt am Sonntag-ის ხელთაა, აღნიშნულია, რომ უკრაინას მიეწოდა 3000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და 1600 სპეციალიზირებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. წინა პარტია, რომელიც უკრაინაში ერთი თვით ადრე ჩავიდა, მოიცავდა მხოლოდ ნაწილებს ტყვიამფრქვევებისთვის, აალების საშუალებებს, დეტონაციის თოკებს, რადიომიმღებებს, ხელყუმბარებსა და ნაღმებს.