სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელშიპოსტს აქვეყნებს:
“10 ნაბიჯი რასაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა, უკრაინას ნამდვილად რომ უჭერდეს მხარს:
1. მიიღებდა კანონს, რომლის მიხედვითაც ამერიკის, ევროკავშირის და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე შეზღუდვები გავრცელდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. სპეციალური ნორმატიული აქტით შეიქმნებოდა მონიტორინგის ჯგუფი და დარეგულირდებოდა საბაჟო პროცედურები/კონტროლი რუსეთის ფედერაციასთან იმპორტის, რეექსპორტის და სხვა მომატებული რისკების მინიმიზაციის მიზნით.
3. მთავრობა მიზნად დაისახავდა რუსეთიდან იმპორტის შემცირებას/განულებას (2007 წელს რუსეთმა ეს თავად გააკეთა). საპირწონედ მოითხოვდა დასავლური ქვეყნებისგან შესაბამის დახმარებას. ცნობისთვის, აპრილში რუსეთიდან იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
4. შემოიღებდა სავიზო რეჟიმს რუსეთთან, რითაც გავაკონტროლებდით ვისი მიღება გვინდა და ვისი არა. დღეს რუსეთთან გვაქვს ყველაზე ლიბერალური სავიზო რეჟიმი, ბელორუსის და სომხეთის შემდეგ.
5. რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული პლასტიკური ბარათები და საბანკო ანგარიშები აქტიური იქნებოდა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც მინიმუმადე შევამცირებდით საბანკო არხების გამოყენების რისკს სანქციების გვერდის ავლისთვის.
6. რუსეთის მოქალაქეების მიერ კომპანიების დაფუძნებისას შემოიღებდა სპეციალურ შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე (დუბაის ეკონომიკური ზონის მოდელის მსგავსი).
7. ოფიციალურად დახურავდა საჰაერო სივრცეს დასავლური ქვეყნების მსგავსად. პირდაპირი ფრენების ისედაც არ ქონის პირობებში, ეს იქნებოდა ძლიერი პოლიტიკური განაცხადი ყველანაირი ზიანის გარეშე.
8. ორგანიზებულად დაახმარდა სამედიცინო პერსონალს, ასევე უზრუნველყოფდა დაჭრილების მართვადი რაოდენობის ჩამოყვანას, მკურნალობას და რეაბილიტაციას. (მაგ. წყალტუბოს, ბორჯომის, ნუნისის ტერიტორიაზე).
9. სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით ყოველთვიურად გამოაქვეყნებდა ერთიან ანგარიშს, სადაც დეტალურად აღიწერებოდა ექსპორტის და იმპორტის ზრდის/შემცირების მიზეზები, გახსნილი საბანკო ანგარიშების რაოდენობა, დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა და საქმიანობა, უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა და ა.შ.
10. პირველივე დღიდან საქართველოს პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისის მერი და სხვა თანამდებობის პირები არაერთხელ ჩავიდოდნენ კიევში, როგორც ამას აკეთებენ ბრიტანეთის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ფინეთის და ყველა სხვა დასავლური ქვეყნის ლიდერები. რაც მთავარია, როგორც ეს გააკეთეს მათ როცა ჩვენ გვიჭირდა.
პ.ს. თუ ვინმე ფიქრობს რომ რუსეთი არის ეკონომიკური კეთილდღეობის წყარო და დასავლეთი არა, აშშ-ს და ევროპის ეკონომიკის შეფარდება რუსეთთან არის 50:1 თან”, – წერს ქადაგიძე.