მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ “ვივა მედი” ცოტა ხნის წინ დატოვა. მედიასთან მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროცესი არ გაჭიანურდეს და იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილთან “ემპათიას” ექსპერტები დაუშვას.
ადვოკატს განჩინება 3 საათის წინ ჩაბარდა.
“თავად ელოდება ექსპერტებს და მზადაა მიიღოს ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა. ახლა ჩვენი მოკლევადიანი საზრუნავიც არის სწორედ ეს, რომ ექსპერტების შესვლა დაორგანიზდეს რაც შეიძლება სწრაფად, სავარაუდოდ, ეს მოხდება ხვალისთვის, რადგან დღეს სამუშაო საათები საკმაოდ მალე სრულდება”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.
ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმი, ლალი ჯავაშვილი ამბობს, რომ თუ უწყებებს პაციენტის ლიკვიდაცია აქვთ გამიზნული, მაშინ მათი ლოგიკა გასაგებია, მაგრამ თუ მისი გამოჯანმრთელება მათ ინტერესებშია გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღონ.
“თუ მას ეგულება საქართველოში რომელიმე კლინიკა, ან რომელიმე ექიმთა ჯგუფი, ისეთი, რომელიც შეძლებს და პაციენტს გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან, დაასტაბილურებს, თუნდაც მართლაც დაასტაბილურებს და არ გააუმჯობესებს მდგომარეობას, მაშინ სად არის ეს კლინიკა და რატომ არ გადაჰყავთ იქ”, – ამბობს ექიმი ირაკლი კობახიძის პასუხად.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ამერიკიდან ელის დასკვნას იმ ანალიზების საფუძველზე, რომელიც მას “ვივა მედში” ჩაუტარდა.