ტელეკომპანია რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის, პაატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამიას წერილი წაიკითხა, თუმცა ოფიციალური პოზიცია მისთვის ჯერჯერობით უცნობია.
საუბარია 5 მილიონი დოლარის კომპენსაციაზე, რომელსაც ნიკა გვარამია სასამსახურო ხელშეკრულების უხეში დარღვევისთვის ითხოვს.
“გავესაუბრე, თუმცა კომპანიის მფლობელისგან ჯერ არ მაქვს მიღებული საბოლოო პოზიცია. წერილი წაიკითხა, მაგრამ ახლა სამართლებრივ საკითხებზე ხო აქვს მისაღები გადაწყვეტილება, რომელსაც არ მიიღებს ბატონი ქიბარი ნაჩქარევად”,- ამბობს პაატა სალია.
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, 2019 წელს ნიკა გვარამიას რუსთავი ორიდან გათავისუფლებით დაირღვა ვადები – ხელშეკრულების თანახმად, მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე აკრძალული იყო.
ნიკა გვარამიას კიდევ ერთმა ადვოკატმა კი თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომოპანია ნიკა გვარამიას კომპენსაციას არ გადაუხდის, დავა ბრიტანეთის საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდება.