“ერთი სიტყვა არ უთქვამს არც მე არც მას, წავიდა ასე უსიტყვოდ, უბოდიშოდ, უმადლობოდ…” – ვისზე წერს ზურა შევარდნაძე?

“გარდენიას” შემქმნელი, ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე სოცილურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თალიკო მამიდას იხსენებს:

“თალიკო მამიდას ასკანაში ჩვენი ეზოს გადაღმა, შემაღლებულზე ედგა შუშაბანდიანი პატარა სახლი. ჭიშკრიდან სახლამდე, რომ მისულიყავი დიდი მანდარინებიანი ეზო უნდა გაგევლო. სახლის წინ, “კუნტრუცაზე” მიწა იყო მოსწორებული და სულ კოინდარი ღვიოდა მწვანედ.

თალიკო მამიდა ძალიან ბევრს შრომობდა, სანიმუშოდ მოვლილი ჩაის პლანტაცია და ბოსტანი ქონდა.. ყვავილებისთვის დიდად არ ეცალა, მაგრამ ეზო მაინც ლამაზად ქონდა მორთული.

განსაკუთრებულად კარგი სანახავი თალიკოს ეზო მაშინ იყო როცა მარტივფურცლიანი, ფრიალა ყვავილებიანი ვარდი ყვაოდა. ვარდი აკაციის მესერს იყო მოხვეული, რამდენიმე ტოტი ფირუზისფერ ელექტრონის ბოძზე ბოლომდე იყო ახოხებული და იქიდან შადრევანივით ეშვებოდა. სასწაული სანახავი იყო, სულ მეხარბებოდა და მინდოდა მქონოდა.

გაზაფხულის ერთ დღეს სახლის წინ ჭანგის ფესურებს ვაცლიდი ახალ დაბარულ მიწას. უცებ შევამჩნიე ჩემს უკან თალიკო მამიდა იდგა ხელში ბარით, ბარის პირზე კი ბელტიანად მიწიდან ახალ ამოღებული ვარდის ნერგი ედო. ბარითვე მანიშნა ორმო ამოიღეო, მეც დავემორჩილე და ორმო სწრაფად ამოვჩიჩქნე. თალიკომ ბარით ნერგი ორმოში ჩადო და მიწაც მიაყარა. ერთი სიტყა არ უთქვამს არც მე არც მას, წავიდა ასე უსიტყვოდ, უბოდიშოდ, უმადლობოდ…
წლების მერე, ვარდს კალმები ავაჭერი, თან წამოვიღე , დავაფესვიანე და მყუდრო, მოკრძალებული ადგილი შევურჩიე გარდენიაში.
თალიკო მამიდა რახანია აღარაა, ის ბრიალა ბუჩქიც გამხმარა მის ეზოში.

არც მიცდია გამეგო რა ჯიშია, სანამ ვიქნები ყოველ გაზაფხულზე იყვავილებს ჩემს ბაღში და ჩემთვის ყოველთვის ასე ერქმევა: “თალიკო მამიდას მარტივფურცლანი, ფრიალა”, – წერს შევარდნაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share