“ადრე საავადმყოფოში ცხოვრობდა შიში, გამოიქცა ყველას ჩამოუარა და თვალებში ჩახედა…”

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურულის საახალწლო  მილოცვა :
“სევდამ და შიშმა გაანაცრისფრა წელს სამყარო. ადრე საავადმყოფოში ცხოვრობდა შიში. ყოველდღე ვხვდებოდით ექიმები პაციენტების თვალებიდან და თვალებით მომზირალს. შარშან გამოიქცა შიში საავადმყოფოდან, ყველას ჩამოუარა და თვალებში ჩახედა…
იმედიც ცხოვრობს საავადმყოფოში შიშთან ერთად. ისიც პაციენტების თვალებიდან და თვალებით გვიმზერს.
ექიმების გაბითურებისა და გამარჯვების წელი ერთდროულად იყო 2020.
განსაკუთრებით ექიმებს ვულოცავ ამიტომ ახალ წელს.
საავადმყოფოებში მყოფ პაციენტებს ვულოცავ, მათ ახლობლებს და ჭირისუფლებს.
ერთად დაგვეძლიოს შიში და ისევ იმედიანად გავყოლოდეთ ჩვენს ბილიკებს.
ყველა კარგ, ღირსეულ ადამიანს ვულოცავ.
იმედი დაგვბედებოდეს…
ამინ!
__________________________________________
არცრა არის გაღმა საშიში …
————————–
მბორგავი ჩვენში,
იდუმალი ბრუნვა ვნებათა,
აღძრავს, აბრუნებს უსასრულოდ
თავად სამყაროს;
როკავს ფეხები,
არ დაგიდევს თავის ნებათა,
თავსაც არ ძალუძს,
რომ უფლება ფეხებს აჰყაროს.
ვიცხოვრე თურმე
თვით სიგიჟის გამშრალ ბაგეზე,
ვეძებდი მიზეზთ,
კარის შეხსნას ვცდილობდი მარად;
როცა გავედი,
მერე მივხვდი, ვნებით ნაქეზებს,
რომ ღია კარი მიმტვრევია შლეგების დარად.
ნუ შეჩერდები!
თუმცა ბოლოს მიდიხარ არსად;
ნუ შეეცდები დაინახო შენი გზის ბოლო,
რადგანაც უფალს, თუ გამრიგეს ყოველთა არსთა,
არ სურს რომ კაცთა გაიაზრონ რა ხდება ბოლოს.
დროის ქარავანს აეკიდე უდაბნოს მავალს,
როგორც დერვიში, გათანგული ბანგით ჰაშიშის,
მიჰყევ ბილიკებს უსასრულოს, მიჰყევი სავალს,
მუდამ გახსოვდეს:
არცრა არის გაღმა საშიში…”
– წერს გურული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share