”არსებობს თუ არა ევროპაში პოლიტიკური კორუფცია და ფიქრობთ თუ არა, რომ ევროპარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობა, შეიძლება დაფინანსებული Credit Suisse-ს მიერ, რაც საქართველოს მეხუთე კოლონის ინტერესებსაც ემთხვევა? ”- ამის შესახებ ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
„10 შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს ქ-ნო სალომე, 1. როგორ გესმით საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლით განსაზღვრული სტატუსი, რომლის მიხედვითაც „საქართველოს პრეზიდენტი არის… ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი“? აქედან გამომდინარე, ის შეურაცხყოფები და დამამცირებელი დამოკიდებულება, რაც ევროპული სტრუქტურებიდან მოედინება საქართველოს მიმართ, არის თუ არა ეროვნული დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობები?
2. ფიქრობთ, თუ არა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან თუ ევროპული გაერთიანებიდან მომდინარე ცკ-ს დირექტივების მსგავსი ყველა მოთხოვნა, უპირობოდ უნდა შეასრულოს საქართველომ? თუ მხოლოდ პირადი ვიზიტების შეფერხებები მიგაჩნიათ უფლებების შელახვად? ასეთი შეფერხების დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტს რატომ არ წარმოადგენთ?
3. მართლა ფიქრობთ, რომ ქვეყნის წინაშე დამსახურებების თუ დამაზიანებელი მოქმედებების შეფასებისას, ერთ სიბრტყეზე შეიძლება დააყენოთ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურები?
4. თქვენც მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილის დროს უკეთესი მდგომარეობა იყო საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის, მართლმსაჯულების სისტემის, კერძო საკუთრების დაცვის კუთხით და ზოგადად, მაშინ იყო „კარგი მმართველობა“ და 2013 წლის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა?
5. თქვენც მიგაჩნიათ, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა გაუარესებულია? ან რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დამნაშავეებად ცნობილი 30-ზე მეტი ადამიანის, სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობა და დასჯა საკმარისი არ არის? იქნებ მათი სასჯელები გეცოტავება, მართლა ფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ნაცემი ოპერატორი, ერთი კვირის შემდეგ, სწორედ 5 ივლისს მიღებული ტრავმებით და არა სხვა მიზეზითაა გარდაცვლილი? იცნობთ ამ პირის გარდაცვალების მიზეზზე ექსპერტიზის დასკვნას?
6. ეთანხმებით ევროპული კვლევის ცენტრის დასკვნას, რომ „საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი წლებია, ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, პრობლემის სათავეში ქმედითი ძალაუფლების კონცენტრაციაა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც არც არჩეულია და არც ანგარიშვალდებული, რაც სახელმწიფოს მიტაცების განსხეულებაა“?
7. თუ ასე არ მიგაჩნიათ, რატომ ერთხელ მაინც არ გამოთქვამთ პროტესტს, ევროპელი პოლიტიკოსების უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით? თუ რასაც ევროპელები დაგვაბრალებენ და მოგვთხოვენ, ყველაფერი ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ და შევასრულოთ?
8. თქვენს საარჩევნო პლაკატებზე, ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი რომ იყო გამოსახული, როდისმე ხომ არ გიქმნიდა ეს უხერხულობას? ან დღეს ხომ არ გიქმნით?
9. ხვდებით თუ არა, რომ ნაცები მანამდე მოგეფერებიან, სანამ დასჭირდებით მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად და რომ მათთვის მისაღებ პოლიტიკოსად ვერასოდეს იქცევით?
10. არსებობს თუ არა ევროპაში პოლიტიკური კორუფცია და ფიქრობთ თუ არა, რომ აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობა, შეიძლება დაფინანსებული იყოს შვეიცარიული საბანკო გიგანტის Credit Suisse-ს მიერ, რაც საქართველოს მეხუთე კოლონის ინტერესებსაც ემთხვევა? უღირდა თუ არა აღნიშნულ ბანკს ასეთი ლობიზმისთვის, თუნდაც 100 მილიონი ევროს დახარჯვა, თუ ივანიშვილის სანქციის დადების შემთხვევაში ბანკი 600 მილიონზე მეტი ვალის გადახდისგან შეიძლება გათავისუფლდეს?“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.