“ჩვენ ომში ფიზიკური ჩაბმა კი არა, მორალურად სწორ პოზიციაზე დგომა გვევალება”

როდესაც მთელი თაობები შესწირე თავისუფლებისთვის ბრძოლას, როდესაც შენი ქვეყანა იყო მედროშე თავისუფლებისთვის ბრძოლის, მაშინ, როდესაც არის საბოლოო დიდი გამარჯვების წინა მოლოდინი, შეუძლებელია, რომ შენ არ მიიღო ის, რაც შენ გეკუთვნის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას წარმოებული პოლიტიკა, განპირობებული იყოს სიფრთხილით და ომის თავიდან აცილების მცდელობით, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ გამოვიარეთ ომები და რთული პერიოდი, მაგრამ ეს გვიბიძგებს იმისკენ, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ.

“ჩვენ გამოვიარეთ ომი – ეს ფაქტია, ჩვენ გამოვიარეთ ომები, ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი, მაგრამ ეს ჩვენ გვიბიძგებს იმისკენ, რომ ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, როდესაც მთელი თაობები შესწირე თავისუფლებისთვის ბრძოლას, როდესაც შენი ქვეყანა იყო მედროშე თავისუფლებისთვის ბრძოლის, მაშინ როდესაც არის საბოლოო დიდი გამარჯვების წინა მოლოდინი, შეუძლებელია, რომ შენ არ მიიღო ის, რაც შენ გეკუთვნის, შეუძლებელია, რომ შენ არ მოითხოვო ის, რაც შენ გეკუთვნის, შეუძლებელია, ყველას არ გაახსენო ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული თუნდაც 90-იანებში შევარდნაძეს, მაშინდელი უსაფრთხოების ფაქტობრივად არქიტექტორს რომ შეაქციეს ზურგი და არაფერში არ დაეხმარნენ, შეუძლებელია, არ გაიხსენო 2008-ის შეცდომები. ამიტომ, დღეს ჩვენ ამ ომში ფიზიკური ჩაბმა კი არ გვევალება, მაგრამ მორალურად სწორ პოზიციაზე დგომა გვევალება, იმიტომ, რომ რეალურად ეს ნარატივი: “ომი გინდათ?!“ – არის შინაარსობრივად აბსურდული, იმიტომ, რომ ომი არავის არ უნდა, პუტინის გარდა მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი არა. მეორე, არც არავინ არ განიხილავს ამ პროცესს, როგორც ომს, რომელიც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

“ინტერპრესნიუსი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share