„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეკომენდაციების შესრულება განხორციელდება.
როგორც ჯაფარიძემ ტვ „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია კონსენსუსი გზით ე.წ. ტექნიკური მთავრობის არჩევა.
ამასთან, ოპოზიციონერს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას არ დათმოს.
„ღარიბაშვილის გადადგომა მთავარი ამბავი არ არის, ღარიბაშვილის გადადგომა ნიშნავს ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომას და შემდეგ საუბარია არა იმაზე, რომ ბიძინამ {ივანიშვილმა} ვიღაცა მოიყვანოს და დასვას, არამედ რაღაცა ტიპის კონსენსუსის გზით ე.წ. ტექნიკური მთავრობის არჩევაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ დაყენებულ 12 მოთხოვნას შეასრულებს და შესაბამისად, ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს 6 თვის შემდეგ მიიღოს სტატუსი.
მგონია, რომ ზედმეტად ბევრი დრო და ენერგია იხარჯება ამ მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებზე. არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ივანიშვილი ამ მოთხოვნებს შეასრულებს. ენერგია და ფიქრი მიმართული უნდა იყოს იმისკენ, თუ რა ხდება 3 ივლისს. იმიტომ რომ 3 ივლისს დაანონსებულია მასშტაბური აქცია და მეორე – რა ხდება 3 ივლისის შემდეგ.
იმიტომ რომ ეს არის პრინციპული საკითხები, რაზედაც ყველა უნდა ფიქრობდეს. ივანიშვილი არ აპირებს ძალაუფლების დათმობას და ამ ადამიანმა მილიონჯერ გაგვაგებინა, რომ ერთადერთი ინტერესი, რაც მას და მის გუნდს გააჩნია, ეს არის ძალაუფლების არ დათმობა, მათ შორის მზად არიან, რომ ამ ქვეყნის დასავლური მომავალი შესწირონ.
ევროკავშირის გადაწყვეტილება გავიგე შემდეგნაირად და არ მგონია, რომ შეცდომით გამეგო. თუ ყურადღებით წავიკითხავთ, 12 მოთხოვნა საბოლოო ჯამში დადის ერთ რაღაცამდე – კონკრეტული რაღაცა არის შემდეგი, რომ ამ ქვეყანაში არსებული მმართველობის ფორმა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა და წლების განმავლობაში ცდილობდა შეეფუთა დემოკრატიული ელემენტებით, სინამდვილეში ამას ფარდა აეხადა და ყველამ გაიგო რა ხდება.
ევროკავშირმა გვითხრა პირდაპირ ასეთი ტიპის მმართველობის ფორმა, რაც გინდათ ის დაარქვით, შეუთავსებელია ამ ქვეყნის დემოკრატიულ და დასავლურ მომავალთან. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ამ ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების გზას, არის ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. არ მჯერა, რომ ოლიგარქი საკუთარ ფეხებში ცელს გამოისვამს და ოლიგარქიზაციას დაასრულებს, რასაც ევროკავშირი ითხოვს. ერთადერთი გზა არის ამ ხელისუფლების ცვლილება.
შესაბამისად, ჩვენ ყველამ რაღაცნაირად გზები უნდა ვიპოვოთ, რომ მშვიდობიანად, წყნარად, ცივილიზებულად მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.