ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფმა გასულ წელს 10 მგელი მოკლა

ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფმა გასული წლის განმავლობაში 10 მგელი მოკლა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებაში მოქმედმა მონადირეთა ჯგუფმა გასული 2020 წლის გამნმავლობაში ნატანებში, ბაილეთში, ლაითურში, ჩალიანისა და ლეკიანის საყანე ფართობებში 10 მტაცებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგულაციების ფარგლებში მინიჭებული კვოტით ამოიღო.

მტაცებლები გურიის ფერმერებსა და გლეხობას  უკვე რამდენიმე წელია ავიწროებენ, ანადგურებენ რა მასიურად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და სხვა შინაურ ცხოველებს.

ჯგუფის ხელმძღვანელის, ნატანებელი ფერმერისა და მონადირის, ნიკოლოზ გობრონიძის, განცხადებით, მიუხედავად გატარებული ინტენსიური ღონისძიებისა, ჯერჯერობით, იმ მგლების ამოღება ბუნებიდან რომლებმაც სასტუმრო “პარაგრაფთან” არსებულ პარკში გასულ წელს სამი ირემი და ერთი ნუკრი შეჭამა, ვერ მოხერხდა.

ამ მიმართულებით სიტუაციას განსაკუთრებით ამწვავებს ის გარემოება, რომ  იმატა მგლისა და ტურის და ტურისა და ძაღლის ნაჯვარმა მტაცებლებმა, რომლებიც განსაკუთრებით წვრილფეხა შინაურ ცხოველებსა და პატარა ჯიშის ძაღლებს ანადგურებენ.

ასევე მომრავლებულია ტურა, თუმცა მისი ბუნებიდან ამოღება მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share