ძალადობრივი მოვლენების დროს, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ხელისუფლებას ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, ამ დრომდე არცერთი პირი არ დაუკავებია.
2021 წლის 5 ივლისს, ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა, წინასწარ ორგანიზებული ძალადობრივი გეგმით, რასაც თან ახლდა სახელმწიფოს უმოქმედობა, ხელი შეუშალეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვას, რომლის ორგანიზატორიც იყო „თბილისი პრაიდი“ და სხვა სამოქალაქო ჯგუფები.
ძალადობრივი, რადიკალური ჯგუფები ღიად, საკუთარი ტელევიზია “ალტ ინფოს” მეშვეობით აანონსებდნენ, რომ ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებდნენ და მოძალადეების მობილიზებასა და “განსაკუთრებულ” ორგანიზებაზე იზრუნებდნენ.
ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მთავრობის სხდომაზე, რომელმაც მოძალადე რადიკალებს მწვანე შუქი აუნთო და თქვა, რომ “ღირსების მარშის” ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.
ამ დღეს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზურა მახარაძემ საკუთარ დაჯგუფებას პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ფარგლებში განთავსებული კარვების დაშლისკენ მოუწოდა. დაიწყო მასობრივი დარბევა. დააზიანეს პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა. ადგილზე იყვნენ მობილიზებული სამართალდამცველებიც, თუმცა მათ გავეშებული ბრბოს შესაჩერებლად არაფერი მოუმოქმედებიათ.
პარალელურად კიდევ ერთმა ორგანიზატორმა, კონსტანტინე მორგოშიამ 600-მდე მოძალადე პირველი სკოლის ეზოში, “სირცხვილიას” ოფისისკენ გადასვლა და ორგანიზაციის დარბევა “აკურთხა”, ბრბოს თავად მორგოშიაც გაუძღვა წინ – ჩაამტვრიეს მინები, შეუვარდნენ კორპუსის მცხოვრებლებს. ამ დროს ადგილზე მხოლოდ 4 პოლიციელი იმყოფებოდა. ისინი ადგილზე იყვნენ, თუმცა არ მოქმედებნენ და რეაგირება არ ჰქონიათ.
სიძულვილით მოტივირებული კონტრაქციის მონაწილეები ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სამოქალაქო ორგანიზაციის, ,,თბილისი პრაიდის” ოფისშიც შეიჭრნენ. მათ ადგილზე არსებული ნივთები და ინვენტარი დააზიანეს. კონტრაქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა ისროლეს ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ეზოშიც.
“სირცვილიას” ოფისზე თავდასხმის დროს, სადარბაზოში შეჭრილი პირები “ტვ პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტს, მირანდა ბაღათურიას დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ კი შენობა ტაშისა და ოვაციის ფონზე დატოვეს. პოლიციამ ისინი მშვიდად გამოატარა.
პარალელურად თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოძალადეები თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს, აგინებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უზრუნველყო სათანადო ზომების მიღება. რუსთაველის გამზირზე რადიკალებთან ერთად იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც.
5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან თავდასხმების შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. გარდა ამისა, ფიზიკური დაზიანებები მიიღო 11-მა აქტივისტმა, მოქალაქემ და 7-მა სამართალდამცველმა.
ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ლექსოს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა.
შსს-მ გარდაცვალების შემდეგ, ლექსოს წინააღმდეგ შავი კამპანია აწარმოა და საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა.
1 წლის შემდეგ, ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები, რომლებიც 5 ივლის მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ და სისხლიანი სპეცოპერაციის შემდეგ ქუჩებში დასდევდნენ, მალე ისევ გარეთ იქნებიან. მოსამართლეებმა, ნინო ჩახნაშვილმა და ალექსანდრე კოპალიანმა 2022 წლის 4 აპრილს თქვეს, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ სასტიკი ძალადობა მინიმალური სასჯელით ისჯება.
ერთადერთი ეპიზოდი, რომელშიც რადიკალებს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს ლექსო ლაშქარავას ცემის საქმეა.
ამ დრომდე დაუსჯელი რჩებიან 5 ივლისი მოვლენების ორგანიზატორები. მეტიც, “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა საკუთარი პარტიაც კი დაარეგისტრირეს.