“მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი…” – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

ორი რამ გვაოცებს და გვაფიქრებს ეს დღეები საქართველოში: 13 მილიარდი წლის წინანდელი გამოსახულება, ადამის მოდგმისთვის დღემდე უხილავი სამყაროს სიღრმიდან და მეორე: ვისთვის და რისი თქმა სურდა ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილის წერილით.

რადგან უნიკალური კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ლამის სამყაროს შექმნის დროინდელ გამოსახულებებზე დავიწყეთ საუბარი, მოდით აქვე გულითადი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ბიძინას… არა, სამყაროს შექმნის გამო მადლიერებას არ ვგულისხმობდი. მხედველობაში მაქვს ასევე უნიკალური, თუმცა საკმაოდ მძიმე და მტკივნეული შესაძლებლობა – ავტორიტარულ, საბჭოთა პროპაგანდისტული შხამით გაჯერებული და რეპრესიული მექანიზმებით მართულ გარემოში გვაცხოვროს და შესაბამისად ასევე წარსულში დაგვაბრუნოს.

ვისთვის დაიწერა ეს წერილი? თუ შიდა აუდიტორიისთვის, უმეტესად კი ქართული ოცნების მომხრეებისთვის – აშკარა გაუგებრობასთან გვაქვს საქმე: თუ ვინმე ჯერ კიდევ ამ პარტიას ხმას აძლევს, სწორედ იმის შინაგანი რწმენით და იმედით, რომ მისი რეალური მესაჭე ბიძინაა და არა კობახიძე და ღარიბაშვილი. წერილის შინაარსი კი საწინააღმდეგოს მტკიცებაა – ივანიშვილი პოლიტიკას ჩამოშორდა და არც პარტიის საქმეებში ერევაო.

თუ ამ წერილის სამიზნეს საერთაშორისო აქტორები წარმოადგენენ, აქაც აცდენაა – ფორმითაც და შინაარსობრივადაც გაუგებარი პასაჟები ოლიგარქის კარის ძველ საჭორაო თემებზე ვაშინგტონსა და ბრიუსელში ნამდვილად არავის აინტერესებს.

საერთოდ, როდესაც სახელმწიფოს პირველი პირები წერილებს აქვეყნებენ, ეს მაშინ ხდება, როდესაც ქვეყნის, რეგიონის ან მსოფლიოს განვითარების ახალი ხედვის ფართო აუდიტორიამდე მიტანა სურთ. სწორედ ეს ანიჭებს მსგავს წერილებს მნიშვნელობას. ეს განზრახვა აქცევს მას პოლიტიკურ განაცხადად.

როგორც არ უნდა მოვინდომოთ, ძნელია იგივე დასკვნა საქართველოს პრემიერის წერილიდან გამოიტანო, რომელიც, ერთის მხრივ, ივანიშვილის ქვეყნისადმი დამსახურებებს გვახსენებს, მეორეს მხრივ კი იმას გვიმტკიცებს, რომ ის რახანია პოლიტიკაში აღარ ერევა. თუმცა, წერილის ავტორი სულაც არ მალავს იმ ფაქტს, უფრო სწორად, ადასტურებს ერთ დროს მათი იდეოლოგის ცნობილ თეზას, რომ “ბიძინა არსად, თუმცა ამავე დროს ყველგანაა” და რომ ოცნების ხელისუფლება სწორედაც რომ ივანიშვილის დატოვებული “ანდერძისა” და წესების ფარგლებში მოქმედებს.

მართლაც ისმის კითხვა, ვინ არის ამ წერილის ავტორი თუ შემკვეთი და რა მიზანს ემსახურება მისი გამოქვეყნება? საეჭვოა, რომ წერილი, მიუხედავად ივანიშვილის 37-ჯერ ხსენებისა, პრემიერად მომუშავის პატრონისადმი ერთგულების მორიგ დადასტურებას წარმოადგნედეს. მას მილიარდერის ბრმა მორჩილების ტესტი არაერთხელ წარმატებით აქვს ჩაბარებული. წერილის კონსტრუქცია, სტილი, შინაარსი და ჭორაობისკენ მიდრეკილება აშკარად გვეუბნება, რომ ეს თავად ივანიშვილის ხმაა. უფრო სწორად, სასოწარკვეთილი ხმა, რომელიც ითხოვს, რომ თავი დავანებოთ.

თუ წერილს ყურადღებით წავიკითხავთ და რეალობასაც შესაბამისად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საქმე სახელმწიფო მმართველობის მართლაც უნიკალურ სისტემასთან გვაქვს, რომელიც თავად ივანიშვილმა შექმნა და რომლის ფარგლებშიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჩვეულებრივი ქვევრია, რომელსაც რასაც ბიძინა ჩასძახებს – იმასვე ამოსძახებს. ოცნების დღევანდელი ხელისუფლება სრულად მოკლებულია ყოველგვარ თავისუფლებას და აზროვნების უნარს. მის ერთადერთ ფუნქციას კი მილიარდერის პულტით მართვადი ბრძანებების შესრულება წარმოადგენს.

ღარიბაშვილის მტკიცება, რომ ივანიშვილს პაპუაშვილი და მინისტრების უმრავლესობა მხოლოდ წარდგენაზე ყავს ნანახი, რაც იმის დასტურად გამოდგება, თითქოს მილიარდერი პოლიტიკიდან წასულია და ხელისუფლების საქმეებში საერთოდ არ ერევა, უაღრესად არადამაჯერებელია, განსაკუთრებით ბრიუსელსა და ვაშინგტონში, სადაც უკვე მისი სანქცირებისთვის ემზადებიან. დასავლეთში აშკარად ხედავენ, რომ ივანიშვილმა ააგო მანკიერი მართვის სისტემა, როცა მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან კავშირი სჭირდება იმისთვის, რომ მისმა დისტანციური მართვის პულტმა იმუშაოს. ამ სისტემაში კი მინისტრები თუ თუნდაც საპარლამენტო თანამდებობის პირები იმდენად ფორმალური კატეგორია გახდნენ, რომ ისინი უბრალოდ არაფერს წარმოადგენენ. პულტზე კლავიშების როლს ღარიბაშვილი-კობახიძე-ლილუაშვილის ტრიადა ასრულებს.

რეალურად ეს სამი ადამიანიც არაფერს წარმოადგენს, მათ უბრალოდ ძალაუფლების ცენტრთან აქვთ შეხება, ანუ, როგორც იმ ქვეყანაში იტყვიან, სადაც ბიძინა და მისი მართვის სტილი ჩამოყალიბდა: გავლენას ფლობს ის, ვისაც აქვს არა კონსტიტუციური თანამდებობა, არამედ “დოსტუპ კ წელუ” – პატრონთან ფიზიკური კავშირი.  ვინ, ვინ და კონსიტუტიცურად ქვეყნის მეორე პირმა პაპუაშვილმა იცის, ის რომ ის ბიძინას პულტზე კლავიშიც კი არ არის და კობახიძის ბრძანებებს უნდა დაელოდოს.

პრაქტიკიდან კი ვიცით, რომ ოლიგარქი მაშინ იწყებს წერილებით კომუნიკაციას, როდესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გეგმავს, ან ვითარება უკიდურესად კრიტიკულია. ასე იყო 2011 წელს, სანამ ის პოლიტიკაში მოვიდოდა. ასევე გრძელი წერილით დაგვემშვიდობა, როდესაც მან საჯარო პოლიტიკიდან კულისებში გადაინაცვლა და კვლავაც წერილით შეგვახსნა თავი, როდესაც პრემიერი გახარია თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური აქტივობის გაგრძელება გადაწყვიტა. ამდენად, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ დღესაც, როდესაც მის გარშემო ყულფი ვიწროვდება; მისი სანქციების ქვეშ მოხვედრა უკვე მხოლოდ დროის საკითხია; როდესაც ევროკავშირს წამზომი ჩართული აქვს;

გავლენიანი ევროდეპუტატები კი ევროპარლამენტის სხდომაზე დეოლიგარქიზაციას “დებიძინიზაციად ანუ დეივანიშვილიზაციად” გვიმარცვლავენ, როდესაც იმასაც პირდაპირ აღნიშნავენ, რომ საქართველო პრო-კრემლისტური პოლიტიკისგან უნდა გათავისუფლედეს – სულაც არ არის გამორიცხული, გამძაფრებული თვითგადარჩენის ინსტინქტი მილიარდერს ეუბნებოდეს, რომ მისი ფინანსებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი შანსი შესაძლოა მისი კვლავაც საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება იყოს.

მოკლედ ბევრი შეგვიძლია ამ წერილზე ვიმსჯელოთ, ვაანალიზოთ, ვერსიები გამოვთქვათ და ყველა შეიძლება სადავო იყოს.. ერთი, რაც ნამდვილად უდავოა – შთამბეჭდავი პათოსი, რომელსაც ასეთი დასასრული ან დასაწყისი მოუხდებოდა: “მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსიმამამან ჩვენმან, უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელ არს…”

ფორმულა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share