ჩრდილოეთ საბერძნეთში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი სერბეთიდან ბანგლადეშში იორდანიის გავლით მიემგზავრებოდა, როდესაც ის საბერძნეთის ქალაქ კავალას მახლობლად ჩამოვარდა. მას სერბული სამხედრო აღჭურვილობა გადაჰქონდა.
სერბეთის თავდაცვის მინისტრის ნებოშა სტეფანოვიჩის განცხადებით, თვითმფრინავს ბანგლადეშში გადაჰქონდა საბძროლო აღჭურვილობა, მათ შორის ასაფეთქებელი მოწყობილობები.
როგორც უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი აცხადებს, ეკიპაჟის გარდაცვლილი რვავე წევრი უკრაინის მოქალაქე იყო.
მისი თქმით, თესალონიკში უკრაინის საკონსულოს მიერ შეიქმნა ოპერატიული შტაბი, სადაც უკრაინის საკონსულოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ადგილობრივ სამაშველო და სამართალდამცავ ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ.
ავიაკატასტროფის მიზეზად ძრავის გაუმართაობა სახელდება.