ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს-უილიამ კორტნი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

კორტნი ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება, ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას, გადაარჩინოს დემოკრატია?“. – დაწერა უილიამ კორტნიმ ტვიტერზე.

 

 

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს – სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება.

ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან.

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. ამასთან, ის დეკრეტულ შვებულებაშია.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის “მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო”.

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი “თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო” უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share