საუდის არაბეთი 2027 წლისთვის წარმოების მოცულობას დღეში 12 მილიონიდან 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის და „ამის შემდეგ სამეფოს წარმოების გაზრდის შესაძლებლობა აღარ ექნება.“ ამის შესახებ მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ჯედაში, ამერიკულ-არაბულ სამიტზე განაცხადა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც ესწრებოდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს შეფასებით, ბაიდენი ცდილობს, საუდის არაბეთმა და OPEC-ში მისმა პარტნიორებმა ნავთობის წამოება მეტად გაზარდონ, რომ ბენზინზე მაღალი ფასები დავარდეს და აშშ-ში ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაცია შემსუბუქდეს.
პრინცი აცხადებს, რომ გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წიაღისეული საწვავისა და სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებში მეტი ინვესტიცია არის საჭირო, ხოლო გამონაბოლქვებზე არარეალური პოლიტიკა ინფლაციის უპრეცედენტო დონეს გამოიწვევს.
„ემისიების შესამცირებლად ენერგიის ძირითადი წყაროების გამორიცხვა არარეალური პოლიტიკაა, რაც უპრეცედენტო ინფლაციასა და ენერგიაზე ფასების მატებას, ასევე, უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს, ხოლო სოციალურ და უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს გააუარესებს,“ – აცხადებს პრინცი მუჰამედი, რომელსაც Reuters „მსოფლიოს წამყვანი ნავთობექსპორტიორი ქვეყნის დე ფაქტო მმართველს“ უწოდებს.
მისი თქმით, COVID-19 და „გეოპოლიტიკური ვითარება“ გლობალური ეკონომიკის მხარდასაჭერად მეტ ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს, ხოლო მდგრადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა „რეალისტურ და პასუხისმგებლიან“ მიდგომას მოითხოვს.
სამიტს ჯო ბაიდენი სპასრესთის ყურის ექვსი არაბული სახელმწიფოს, ასევე, ეგვიპტის, იორდანიისა და ერაყის ლიდერებთან ერთად ესწრებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა პარასკევს, ჯედაში ორმხრივი მოლაპარაკებები საუდის არაბეთის ლიდერებთანაც გამართა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენი სპარსეთის ყურის ნავთობმწარმოებელი ქვეყნების ლიდერებთან ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ წარმოების გაზრდის მხრივ, OPEC+-ისგან მეტ ქმედებებს იხილავს, თუმცა მოლაპარაკებების შესახებ ორმხრივი განცხადებები ნაკლებად კეთდება.