ყველაფერს თავის საზღვარი აქვს!
ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტის “შეკითხვას”(), პირდაპირ ეთერში ვუსმენდი.
მსგავსი არაფერი გამიგია
მართლა რად უღირთ ამ ახალგაზრდა აქტივისტ ჟურნალისტებს ასეთი ბინძური დავალებების შესრულება?!
აქაური მაძუნგალების დიქტატი არ გაკლდათ, ახლა კიდევ უჯიშო “პატრიოტების” ნარატივს, რომ არ აჰყვეთ?!
ეგ ორივე ბინძური დაჯგუფება თავს უშველის და თქვენ, ახალგაზრდა ადამიანებმა, ხომ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში?!
თქვენ თუ არ იცით და არ გახსოვთ, დედებს, მამებს ან კიდევ უფრო უფროს თაობას დაეკითხეთ….
თუმცა უკვე მძიმედ მოწამლულებს ძნელად გეშველებათ რამე, ამიტომ ჩემი შვილების იმ ჯანსაღ თაობას მივმართავ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სიმართლის ცოდნა!
ბატონ გია კობახიძეს ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობ.
ვიცნობ 1989 წლიდან, იმ პერიოდიდან, როცა რუსთაველზე მუდმივად იმართებოდა აქციები, მიტინგები და ყველა პირველსკოლელის და საერთოდ, ყველა ახალგაზრდის დღის წესრიგად იქცა აბობოქრებული ეროვნული მოძრაობის ფერხულში ჩაბმა.
ჩვენ, როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ, გამადიდებელი შუშით შევყურებდით ეროვნული მოძრაობის ლიდერებს.
სწორედ ამ საოცრად ამაღლებული პერიოდიდან მახსოვს, ინტელექტით გამორჩეული, გაწონასწორებული, იუმორით სავსე და კაცთმოყვარე ლიდერი გია კობახიძე.
მან შემდგომში დამოუკიდებელი საქართველის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე გადაინაცვლა და კვლავაც დარჩა ისეთივე ღირსეული და თავმდაბალი, როგორიც დაგვამახსოვრდა იმ წლებიდან.
მას, ბუნებრივია, ახლაც გააჩნია დიდი რესურსი, გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა შინაგანი წესიერება, პატიოსნება, შეგნება და თავმდაბლობა არ აძლევს უფლებას, აქტიურად პოზიციონირებდეს პოლიტიკურ პროცესებში ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო.
განსხვავებით სექტის ლიდერებისგან, რომელთა ოჯახის წევრები მაშინაც და ახლაც ყოველდღე თვალებგადმოკარკლულები შხამავენ ქართულ აუდიტორიას( დედები, ბიძები, ,ცოლები(!),დები, ძმები და ა.შ.).
მართლა საოცარია, ღირსებით შემკულ, ეროვნული იდეისათვის თავგანწირულ და პატრიოტ ადამიანს რომ ვიღაც უგვანო, ქართული გვარის შემარცხვენელი, არახამია მისწვდება და შეურაცხყოფს!
გაუგონარი ამბავია, პოლიტიკოსს ვერაფერი დააკლო სხვადასხვა ბინძური მეთოდებით , არგუმენტებით და მის მშობელს გადასწვდე!
ამას ქართველი კაცი არ იკადრებს!
გია კობახიძე ნამდვილად იქნებოდა კგბ-ს თვალთვალის და დევნის ობიექტი ისევე , როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერები!
აი რა შეხება აქვს კგბ-თან არახამიას, ამას უახლოეს კვირეებში და თვეებში დავინახავთ!
რაც შეეხება ე. წ. ჟურნალისტებს, რომლებიც თვალდახუჭული ასრულებენ ასეთ დავალებებს, მინდა მივმართო მათ, რომ ცხოვრება დღეს და ხვალ არ მთავრდება და შეგრცხვებათ საკუთარი თავის, საკუთარი მშობლების, მეგობრების!!! (ჩვენი და ჩვენი კოლეგების თუ არა!)
– წერს ქართული ოცნების დეპუტატი და “მთავარი არხის” ჟურნალისტზე პარტიის თავმჯდომარის თავდასხმასა და შეურაცხყოფას ამართლებს.