რატომ იხურება სავალუტო ჯიხურები საქართველოში?

საქართველოში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების რაოდენობა ერთ წელიწადში 147 ერთეულით შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2019 წლის ნოემბერში ბაზარზე 944 სავალუტო ოპერირებდა, ახლა მათი რაოდენობა 797-ს შეადგენს.

როგორც ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, სავალუტო ჯიხურები ძირითადად პანდემიის და საქართველოში შექმნილი კრიზისის გამო იხურება. ნინო ქავთარაძის თქმით, ქვეყანაში ტურისტები აღარ შემოდიან, ბრუნვა არ არის, ამასთან, არ შემცირებულა ობიექტების ხარჯვითი ნაწილი, რის გამოც, ბიზნესსუბიექტები დახურვის გადაწყვეტილებას თავად იღებენ.

„ძირითადად პანდემიის და ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო მოხდა ის, რომ სავალუტოების ნაწილი დაიხურა. როგორც იცით, ტურისტულ ზონებში უმრავლესობა სავალუტოების დაიხურა, რადგან უცხოელი ვიზიტორები არ არიან.

სავალუტოები თავად ხდებიან იძულებული, რომ დახურონ ობიექტები. იმიტომ, რომ ხარჯვითი ნაწილი მაინც გვაქვს, მიუხედავად იმისა, ვიმუშავებთ თუ არა. შესაბამისად, როდესაც მუშაობა არ არის, მესაკუთრეები თავად მიდიან იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ობიექტები დაკეტონ, რადგან ფიზიკურად ხარჯებს ვერ ფარავენ“,-ამბობს ნინო ქავთარაძე.

კითხვაზე, რა იქნებოდა გამოსავალი, ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში ამაზე საუბარი ძალიან რთულია.

„ამ ეტაპზე გამოსავალზე საუბარი რთულია. ქვეყანაში ტურისტი არ შემოდის, ბრუნვა არ არის, გზავნილებიც შემცირებულია, ჩვენ კი, ჯაჭვურად ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული. როდესაც ქვეყანაში საქმე ისე არ ვითარდება, როგორც საჭიროა, ბუნებრივია, ეს ჩვენზე პირდაპირ ისახება“ , – ამბობს ნინო ქავთარაძე.

https://2020news.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share