რა გახდა ტაივანში შექმნილი დაძაბულობის მიზეზი – ყველაფერი რაც ამ დროისთვის ვიცით

ჩინეთის მუქარის მიუხედავად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაივანის დედაქალაქის ტაიპეის აეროპორტში დაეშვა.

ნენსი პელოსი ტაივანს აზიური ტურნეს ფარგლებში ეწვია და მას აეროპორტში დელეგაცია დახვდა.

ამავდროულად პელოსის ვიზიტის გამო მუქარების ფონზე, ტაივანმა შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.

როგორც ირკვევა, პელოსის ტაიპეიში ჩასვლის შემდეგ ჩინური თვითმფრინავები ტაივანის სრუტეს კვეთენ.

“ტაივანისთვის აშშ-ის სოლიდარობა მნიშვნელოვანია…მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას” – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი Twitter-ზე წერს.

მისივე თქმით, მსოფლიოს აქვს არჩევანი ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის.

თავის მხრივ ჩინეთის საგარეო წერს: “ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ… ყველა შედეგი უნდა აიტანონ აშშ-მ და “ტაივანის დამოუკიდებლობის” სეპარატისტულმა ძალებმა”

გავრცელებული ინფორმაციით, ტაივანის შეიარაღებული ძალები 2 აგვისტოს დილის 8 საათიდან 4 აგვისტოს შუადღემდე მაღალ მზადყოფნაში იქნება.

ცნობისთვის, ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც არასდროს მართავდა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი, თუმცა, პეკინი ამტკიცებს, რომ ის პროვინციაა, რომელიც მასთან უნდა გაერთიანდეს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც. ჩინეთის კომუნისტური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის, როგორც თავად უწოდებს, სეპარატისტული მთავრობის მიმართ უცხოური მხარდაჭერის გამოვლინებას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან.
metronome.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share