გლობალურ ბაზრებზე ფასების შემცირების ტენდენცია დაიწყო, მაგრამ საქართველოში ამ პროცესის ასახვა მინიმალურ დონეზეც ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი ბოლო თვეების განმავლობაში საოცარი ტემპით მყარდება, ბაზარზე, პრაქტიკულად, არაფერი არ იაფდება. როგორც საკვებზე, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური მოხმარების საქონელზე ფასები კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა. როგორც იმპორტიორები აღნიშნავენ, ტენდენცია სექტემბრამდე არ შეიცვლება, რის მიზეზადაც ლოგისტიკის გაძვირებას მიიჩნევენ. ეკონომისტების შეფასებით, გარდა ამ პროცესისა, დიდ პრობლემას ქმნის ბიუროკრატიული ბარიერები.
დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, იმპორტიორი ივა ჭყონია ,,ბიზნეს-რეზონანსტან“ აცხადებს, რომ ჯერჯერობით ფასების კლების შესაძლებლობა არ არის, რასაც განაპირობებს როგორც გლობალური ბაზრების ნეგატიური გავლენა, ასევე უნდობლობა ეროვნული ვალუტის მიმართ, რაც ფასებზე სერიოზულ გავლენას ახდენს.
,,პირველ რიგში, საერთაშორისო ბაზრებზე ფასები გაზრდილია. ბოლო პერიოდში, როდესაც ლარი მყარდებოდა, ჩვენ არ გაგვიზრდია ფასი ბევრ პროდუქტზე. თუკი გლობალურ ბაზრებზე რიგი პროდუქტებისა ძვირდებოდა, მეტ-ნაკლებად აბალანსებდა ლარის კურსი. სექტემბრამდე ტენდენცია არ შეიცვლება. ტურისტული სეზონი აქტიურია და ლარი ამ პერიოდში ყოველთვის მყარდება, მაგრამ გვახსოვს, შემოდგომიდან როგორ იცვლება სიტუაცია, არც ამას გამოვრიცხავ. რეალურად ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა დაბალია.
დავაკვირდებით მსოფლიო ბაზრების დინამიკა როგორ შეიცვლება, შემდეგ უკვე შეიძლება გარკვეულ ცვლილებაზე დაიწყოს საუბარი. კონკრეტულად ვერც ერთ პროდუქტს ვერ დავასახელებ, რომელიც შეიძლება გაიაფდეს, არასტაბილურობაა. თუმცა როგორც კი საშუალება იქნება, ფასებზეც აისახება. შაქარსა და ზეთზე თუ ვსაუბრობთ, საკმაოდ ,,თამაშობს“ ფასი, ლოგისტიკის დიდი პრობლემაა და პროდუქტის მიღება ჭირს. გადაზიდვები კოლოსალურად არის გაძვირებული, რუსეთ-უკრაინის ომიდან დღემდე 100%-იანი გაძვირებაა.
გარდა ამისა, თუკი ადრე საქონელი 10-14 დღეში შემოდიოდა, უკვე თვეზე მეტი, ზოგ შემთხვევაში 2 თვე შეიძლება დასჭირდეს დასაწყობებას. მანქანის მოცდენა ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია, ტრანსპორტირება კატასტროფულად არის გაძვირებული და ეს ყველაფერი ფასებზე უარყოფითად მოქმედებს“, – განაცხადა ჭყონიამ.
გლობალური ბაზრების გავლენაზე გაამახავილა ყურეადღება ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ეკონომისტმა პაატა შეშელიძემ, რომლის თქმითაც, პრობლემას ქმნის არა მხოლოდ საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირებული საკიხები, არამედ ბიუროკრატიული ბარიერები, ასევე ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომის შეზღუდვა, რაც საქონლის გაიაფების შესაძლებლობას არ იძლევა.
,,სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო 2 თვეში რომელიმე პროდუქტის ღირებულების გამოკვეთილი ზრდა არ ფიქსირდება. მეორე მხარეა ის, რომ საერთაშორისო დონეზე ჯერჯერობით ისევ მაღალი ფასებია. ამას განაპირობებს ლოგისტიკის სიძვირე, მოთხოვნის გაზრდა და სხვა ნიუანსები. ნებისმეირ შემთხვევაში, როცა სიძვირე გვაწუხებს, უნდა დავსვათ კითხვა, ხომ არ არის რაიმე რეზერვი, რომ საქონელი ალტერნატიული გზით მივიღოთ? ხომ არ არის ბიუროკრატიული ბარიერები, რაც ხელს უშლის ფასების შემცირებას? შეგვიძლია თუ არა, რომელიმე პროდუქტი შედარებით დაბალ ფასად შემოვიტანოთ და რამდენად გვაქვს ამის შესაძლებლობა?
არის რამდენიმე საქონელი, რომლის შემოტანაც გართულებულია, მაგალითად, ნავთობპროდუქტები, რომლის იმპორტი სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით გაძნელებულია. თანაც გარკვეული პრივილეგიებია მსხვილი მეწარმეებისთვის, რაც აძვირებს პროდუქტს და ცხოვრებას გვირთულებს. პირველ რიგში, ეს საკითხი უნდა მოგვარდეს, რაც საბოლო ჯამში ფასის კლებას გამოიწვევს. წლებია ვიცოდით, რომ წამლები თურქეთში უფრო იაფია და როგორც კი გამოინახა გამოსავალი, მედიკამენტები საქართველოშიც უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ანალოგიურად უნდა მივუდგეთ სხვა პროდუქტების იმპორტსაც“, – განაცხადა შეშელიძემ და დასძინა, რომ ბიუროკრატიული ბარიერები უნდა გამარტივდეს, რაც საბოლოოდ სამომხმარებლო ფასებზეც მოახდენს გავლენას და მოსახლეობის მდგომარეობას მეტ-ნაკლებად შეამსუბუქებს.
,,დღეს დღგ-ს ბევრი მეწარმე გაუყიდავ საქონელზე წინსწრებად იხდის. ბევრი ბიუროკრატიული შეზღუდვაა, რაც ფასების კლების საშუალებას არ იძლევა. სოფლის მეურნეობის საქონლის მიწოდება არის შეზღუდული, არჩევანიც ნაკლებია და რაც შემოგვაქვს, საკმაოდ მაღალი ღირებულებით აღწევს ქართულ ბაზრამდე. გარდა ამისა, სოციალური დახმარების პროგრამების გავლენა ძალიან ნეგატიურია. მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობის ხელის შემყურეა და შრომას თაკილობს. არის შემთხვევები, რომ სოციალური შემწეობის დაკარგვის შიშით ხალხი დასაქმებაზეც უარს ამბობს და არც ფიზიკურად შრომობს, რაც საბოლოოდ დასაქმების ბაზარზე უარყოფით გავლენას ახდენს და ქვეყანას იმპორტზე დამოკიდებულებას უზრდის. ბევრი ისეთი საკითხია, რის შეცვლაც რეალურად შესაძლებელია, თუკი სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვექნება“, – დასძინა პაატა შეშელიძემ.
კიდევ ერთი გარემოება, რაზეც ეკონომისტები ყურადღებას ამახვილებენ, ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიებია, ასევე მაღალი ინფლაციაც, რასაც ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ეროვნული ბანკის არასწორ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირებს.
,,მესმის, რომ ინფლაციაა მთელ მსოფლიოში, მაგრამ ასეთი მაღალი ნიშნული, როგორიც საქართველოშია, არც რეგიონის ქვეყნებში ფიქსირდება (თურქეთის გარდა) და არც ევროპაში. პრობლემა არასწორი მონეტარული პოლიტიკით არის გამოწვეული. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ფასები იკლებს, ბოლო 2-3 თვეა, ეს ტენდენცია გრძელდება, მაგრამ ადგილობრივ ბაზარს არაფერი ეტყობა.
კვლავ მაღალი ინფლაციაა ქვეყანაში. ეროვნული ბანკი უფრო მეტი პასუხისმგებლობით რომ ეკიდებოდეს ამ საკითხს, დღეს ფასების კლებაც შესაძლებელი გახდებოდა.
ცალკე პრობლემაა ოლიგოპოლია, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას ძირს უთხის და უფრო და უფრო აუარესებს მოსახლეობის კეთილდღეობას, ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც 20%-იანი მაჩვენებელი აქვს, სოციალური გარანტიები მაღალ დონეზე უნდა იყოს, მაგრამ ბევრი დამაბრკოლებელი გარემოებაა.
პანდემიამდე მდგომარეობას თუ შევადარებთ, 40-50%-ით არის ფასები გაზრდილი და ამის გამოსწორებას არავინ ცდილობს მაშინაც, როცა შანსი გვეძლევა. გლობალურ ბაზრებზე ფასების კლების ტენდენცია აქაც უნდა აისახებოდეს, მაგრამ არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების კარტელური გარიგებების შედეგად ყველა ზარალდება – ქვეყანაც და ხალხიც. იმპორტი იაფდება და შეიძლება ფასები შემცირდეს, არის ამის მყარი საფუძველი, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. მეტიც, შემცირების ნაცვლად, ფასი მატულობს, ამაზე რეაგირება აუცილებელია “, – განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.
ანალიტიკოსის განცხადებით, საქართველოში ოლიგოპოლიებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვებია და ყოველი ფაქტი კონკურენციის სააგენტოს მხრიდან საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი და გამოვლენილი.
rezonansi.ge