რა მიზანი ჰქონდა ხელისუფლების ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას? – აშშ-ის ელჩთან კითხვები პაპუაშვილსაც აქვს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თანაგუნდელების მსგავსად აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან კითხვები მასაც აქვს.

პაპუაშვილს აინტერესებს, თუ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის სანქცირება არ მომხდარა, რატომ მოიხსნა ის აშშ-ში კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამიდან და ასევე, რა მიზნით შეხვდა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს “ხელისუფლების ზურგს უკან”.

“მგონი საკმარისად მოვისმინეთ სხვადასხვა სახის განმარტებები, კითხვები, პასუხები თუ ასე შემდეგ და მგონი შეგვიძლია, ორი რამ დავასკვნათ. პირველი – არანაირი სანქცია კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ არ არსებობს, ეს დადასტურდა და მეორე – ამერიკის ელჩს ჰქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან ომის შემდეგ. აქედან დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ.

კერძოდ, პირველ შემთხვევას რაც შეეხება, თუკი არანაირ სანქცია არ არსებობს, მაშინ რა იყო ეს დაბარება და მოსამართლის მოხსნა იმ პროგრამიდან, რომელშიც ის იყო. იყო ეს თვითნებობა საელჩოს რომელიმე თანამშრომლის თუ არა. მეორე – როდესაც ხდება საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას. რა თქმა უნდა, ეს საკითხები არის, რომელიც ტრიალებს და რომელიც ფაქტებიდან გამომდინარე რჩება”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share