პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოდან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა წინა ხელისუფლება და გაიმეორა, რომ მესამე პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ქვეყანას ომი თავიდან ვერ ააცილა.
“თქვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა, განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს აი ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაიწრეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, თქვენთან საუბარს მე ვასრულებ, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, 2009 წლიდან სააკაშვილმა რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა დაიწყო, ასევე, ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლებაზე ასევე თქვა, რომ მათ ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციების დაკისრების მიმართულებით არ იმუშავა.