დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი რელიზის ყურადღების ცენტრში რუსეთის სამხედრო წარმოების სირთულეებია. უწყების ცნობით, რუსეთი, ჯავშანმანქანებზე საექსპორტო შეკვეთების შესრულებას ვეღარ შეძლებს – ერთი მხრივ, დასავლური სანქციების მზარდი ეფექტის გამო, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ მას თვითონ სჭირდება დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა უკრაინასთან ომში.
დაზვერვას მიუთითებს, რომ ახლახან ბელარუსმა საკუთარი ძალებით გამოუშვა განახლებული საბრძოლო ტანკის T-72B-ის დეტალები, რადგან ამის გაკეთება რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ურალვაგონზავოდთან“ არსებული საბრძოლო ტექნიკის მოდიფიკაციის პროგრამის ფარგლებში ვეღარ შეძლო.
„რუსეთი, სამხედრო ინდუსტრიას დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა თავისი ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად, თუმცა მისი სამხედრო წარმოების შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად შემცირებული, მისი შეიარაღებული სისტემებისადმი ნდობა კი შერყეულია,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 11 აგვისტოს რელიზში.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში უწყებამ დაადასტურა მანამდე რუსულ და უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული ცნობები, რომ რუსეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით „მოხალისეთა“ ბატალიონებს ქმნის.