საქართველოში ცხოვრება მარტივია და ადვილია გაიფორმოთ შენგენის ვიზებიც – რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელში ერთმანეთს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ რატომ ღირს საქართველოში უძრავი ქონების შეძენა და საცხოვრებლად გადასვლა.
რუსეთის მოქალაქეები წერენ, რომ საქართველოში ცხოვრების გასახანგრძლივებლად ერთადერთი მთავარი ფაქტორი უძრავი ქონების ყიდვაა. აქაც ყველაფერი მარტივადაა – ცხოვრების უფლება მოქმედებს ოჯახის ყველა წევრზე მიუხედავად იმისა, ვისზეა გაფორმებული ეს უძრავი ქონება.
რუსი “ტურისტი”, რომელიც სოციალურ ქსელში თავისიანებს რჩევებს აძლევს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, თბილისს მეგაპოლისად მოიხსენიებს, მოსწონს ბორჯომის ხეობა და ბათუმი, თუმცა მას ქართულ ქალაქად არ თვლის და 90-იანებიც ახსენდება:
“ბათუმი მოგაგონებთ ნოვოროსიისკის, რომელიც არის ქვეყნის მსხვილი პორტი და საბჭოური ქალაქი, ბათუმი არ არის მკვეთრად გამოკვეთილი ქართული ქალაქი, ეს აჭარაა. აქ შერეული კულტურებია. საქართველოს ცოტა რამეს თუ აწარმოებენ, უფრო მეტად შემოაქვთ პროდუქტი და სხვა ნაწარმი, ამიტომ აქ 90-იანი წლები გაგახსენდებათ” ამბობს ვიდეომიმართვაში რუსი “ტურისტი”.
რუსეთიდან ჩამოსული კიდევ ერთი მოქალაქე კი ამბობს, რომ საქართველო კარგი ვარიანტია საცხოვრებლად, რადგან მარტივია ჩამოსვლა და ცხოვრება. მისი თქმით, მასპინძელიც გულთბილად დახვდა და შეუძლია გაჩერდეს იმდენ ხანს, რამდენიც მოუნდება.