“არ ვარ ექიმი, ამაზე ვერ ვისაუბრებ… უტარდება ყველა სახის ღონისძიება” – ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ბრეგაძე კვლავ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანაზე გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს კომპეტენციაა.

“მინიმუმ ასჯერ მაქვს ნასაუბრები, რომ საზღვარგარეთ იქნება მისი გადაყვანა სამკურნალო თუ სხვა მიზნით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, არამედ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელმაც სასჯელი ან უნდა გადაუვადოს, ან უნდა გაათავისუფლოს”, – თქვა მინისტრმა.

რაც შეეხება ექსპერტების განცხადებებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, ბრეგაძე აღნიშნავს, რომ “ექიმი არაა და ამაზე ვერ ისაუბრებს”.

“როდესაც თქვენ საუბრობთ “ემპათიაზე”, მათი დასკვნა დაიდო? მე არ ვარ ექიმი, შესაბამისად, არ მივცემ ჩემს თავს უფლებას ვისაუბრო სამედიცინო მანიპულაციებსა და თუ ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაგრამ, შემიძლია გითხრათ ერთი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ ან ინტენსიურ განყოფილებაში. აქედან გარკვეული დასკვნების გამოტანა შესაძლებელია – ეს ადამიანი არ შიმშილობს და უტარდება ყველა სახის ღონისძიება რასაც ჩათვლის საჭიროდ საავადმყოფო. მე რა უნდა გიპასუხოთ აქ, როდესაც ის არის ექიმების გარემოცვაში”, – თქვა რატი ბრეგაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share