პორტალ Elements-ის ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ელექტრომობილების მსოფლიო ბაზარი ბოლო 10 წლის განმავლობაში და დაადგინეს რომ 2011 წელს მსოფლიოში 55 ათასი ელექტრომობილი გაიყიდა, ხოლო 2021 წელს – 7 მილიონი. ელექტრომობილების გაყიდვები ბევრგან გაიზარდა, თუმცა ნამდვილი დრაივერი გახდა ჩინეთი, სადაც მათზე მოთხოვნა 2014 წლიდან მკვეთრად გაიზარდა.
გასულ წელს ჩინეთში 3,5 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა. 2016 წელს ქვეყანაზე მოდიოდა მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების ნახევარი და მას შემდეგ ეს მოცემულობა არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით პანდემიის 2020 წელს. ანალიტიკოსები ბაზრის ასეთ ზრდას მსუყე სახელმწიფო სუბსიდიებს უკავშირებენ და ასევე მოდელების ფართო არჩევანს – ახლა ჩინეთში 300-მდე სხვადასხვა ტიპის ელექტრომობილია ხელმისაწვდომი. ზრდაში დიდი როლი შეასრულა ასევე ჩინეთში ელემენტების საწარმოების თავმოყრამ და თავად ელექტრომობილებზე შედარებით იაფმა ფასმა, აქ ელექტრომობილები მხოლოდ 10%-ით ძვირია ანალოგიურ შიგაწვის ძრავიან ავტომობილებზე.
გლობალურ ბაზარზე მეორე ადგილს დიდი ხანი იკავებდა აშშ, თუმცა გასულ წელს ის გერმანიამ ჩაანაცვლა, სადაც 2021 წელს 696 ათასი ელექტრომობილი გაიყიდა. აღნიშნული დაკავშირებულია Volkswagen-ისა და Tesla-ს ადგილობრივი წარმოების ზრდით. სულ კი ევროპაში 2021 წელს ელექტრომობილების გაყიდვები 65%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ყველაზე გაყიდვად მოდელებს 2011-2015 წლებში გაყიდვების ლიდერები იყვნენ Nissan Leaf და Chevrolet Volt. 2016 წლიდან ლიდერი გახდა ჯერ Tesla Model S, ხოლო შემდეგ წლებში Model 3, 2019 წლიდან კი უპირობო ლიდერია Model Y.