მიხეილ სააკაშვილს ხმარებიდან ამოღებული ანტიბიოტიკით მკურნალობენ. აღნიშნული ამერიკელმა ექსპერტებმა სამედიცინო ისტორიის შესწავლის მომენტში აღმოაჩინეს.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი პრეპარატი, რომლითაც სააკაშვილს მკურნალობის სრული კურსი ჩაუტარეს, შეერთებულ შტატებში ხმარებიდანაა ამოღებული, რადგან პაციენტს ნევროლოგიურ პრობლემებს უქმნის.
ამერიკელ ექსპერტებს, აინტერესებთ, რა აუცილებლობა იყო პატიმარი პაციენტისთვის აღნიშნული წამლის მიცემა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისედაც მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.
აღნიშნული შეკითხვით სააკაშილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა “ვივა=მედს ” უკვე მიმართა.
ჩვენ ყველა ავადმყოფობის ისტორიას, რომელსაც მოვიპოვებთ და ყველა დანიშნულება, რომელიც ენიშნება ბატონ მიხეილ სააკაშვილს, იმავე დღესვე ვთარგმნით და ვუგზავნით შესაბამისად ამ ცნობილ ექიმებს. ბუნებრივია, ისინი შემდეგ იძლევიან რეკომენდაციას და ამ წამალზე გვითხრეს, რომ ეს გამოიყენება ძალიან უკიდურეს შემთხვევაში და მანამ, სანამ ამ წამალს დანიშნავ, რამდენიმე წამალი ინიშნება, თუ ეს წამლები არ იძლევიან შედეგს, მხოლოდ ამის შემდეგ და ისიც უკიდურეს შემთხვევაში ინიშნება. ეს იწვევს სერიოზულ ფსიქოლოგიურ და ფსიქიტრიულ პრობლემებს. აშშ-ში აღმოჩნდა, რომ რეკომენდირებული არ არის, თუმცა საქართველოში ითვლება, რომ ძლიერ ანტიბიოტიკად, – ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
“პირველები” განმარტებების მოსმენას კლინიკა “ვივა მედის” კლინიკური დირექტორისგან შეეცადა. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძს განცხადებები გაუგებარია.
ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ლაპარაკობს ამაზე ბატონი ხაჭაპურიძე, ადვოკატი, რომელსაც არ მგონია, რომ ჰქონდეს სამედიცინო განათლება და საერთოდ, შემხებლობა ჰქონდეს ფარმაკოლოგიასთან თუ კლინიკურ ფარმაკოლოგიასთან მითუმეტეს. რაც შეეხება მკურნალობას, ჩვენ ვმკურნალობთ საქარათველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი გაიდლაინით, რომელშიც შედის აღნიშნული პრეპარატი, – თქვა ჩხაიძემ.