საქართველოს ერთ წელიწადში ხორბლის იმპორტი 82,2%-ით გაუძვირდა, წლის დასაწყისიდან დღემდე კი 30,1%-ით. უფრო კონკრეტულად, თუ 2021 წლის ივლისში ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის ფასი ერთ ტონაზე საშუალოდ 225 დოლარი იყო, წელს ივლისში ფასი 410 დოლარამდე გაიზარდა. 2022 წლის იანვარში კი ქვეყანაში შემოსული ერთი ტონა ხორბლის ფასი საშუალოდ 313-315 დოლარს შეადგენდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით: 2021 წლის იანვარში ქვეყანაში სულ შემოვიდა 3,384 მლნ დოლარის ღირებულების 11 762 ტონა ხორბალი; 2022 წლის ივლისში 2,243 მლნ დოლარის ღირებულების 5 469 ტონა; 2021 წლის ივლისში კი ქვეყანამ 40 861 ტონა ხორბალი 9,194 მლნ დოლარად შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ ხორბლის იმპორტის 80-90% რუსეთზე მოდის. რუსეთში ხორბლის საექსპორტო ფასისა და თავად პროდუქტის გაძვირების გამო, ხორბლის იმპორტი საქართველოსაც გაუძვირდა. 2022 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით რუსულ ხორბალზე ფასმა ტონაზე საშუალოდ 95 დოლარით, 30,1%-ით მოიმატა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ როგორ იცვლებოდა იანვრიდან დღემდე ერთი ტონა რუსული ხორბლის ღირებულება:
- იანვარი – საშუალო ფასი ერთ ტონაზე 315,2 დოლარი (3,593 მლნ დოლარის ღირებულების 11,396 ტონა)
- თებერვალი – საშუალო ფასი ერთ ტონაზე 334,4 დოლარი (2,898 მლნ დოლარის ღირებულების 8,668 ტონა)
- მარტი – საშუალო ფასი ერთ ტონაზე 340,5 დოლარი (2,446 მლნ დოლარის ღირებულების 7,182 ტონა)
- აპრილი – საშუალო ფასი ერთ ტონაზე 358,1 დოლარი (2,907 მლნ დოლარის ღირებულების 8,117 ტონა)
- მაისი – საშუალო ფასი ერთ ტონაზე 405,8 დოლარი (850,2 ათასი დოლარის ღირებულების 2,095 ტონა)
- ივნისი – საშუალო ფასი ერთ ტონაზე 385,1 დოლარი (2,068 მლნ დოლარის ღირებულების 5,370 ტონა)
- ივლისი – საშუალო ფასი ერთ ტონაზე 410,1 დოლარი (2,243 მლნ დოლარის ღირებულების 5,469 ტონა)
რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-ივლისის საერთო მაჩვენებელს, წელს ქვეყანამ სულ 18,993 მლნ დოლარის ღირებულების 55,573 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა. აქედან 48 300 ტონა (17,008 მლნ დოლარის ღირებულების) რუსეთში, რაც მთლიანი იმპორტის 87%-ია.
ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთში ხორბლის საექსპორტო ფასები ეცემა, პროდუქტი იაფდება ადგილობრივ ბაზარზეც, აისახება თუ არა ეს ქართულ იმპორტზე, ეს უკვე სამომავლოდ გამოჩნდება.