მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან 21 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთმა ექსპორტზე 6 962 000 ტონა მარცვლეული გაიტანა, რაც 12%-ით ნაკლებია გასული სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უფრო კონკრეტულად კი, ხორბლის გადაზიდვები 5 928 000 ტონამდე შემცირდა, ხოლო ქერი – 797 000 ტონამდე, რაც 11,6%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ რუსეთის მარცვლეულის კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მცირდება მყიდველი ქვეყნების რაოდენობაც. ”ჯერჯერობით ხორბალი 24 ქვეყანას მიეწოდება, გასული სეზონის ამავე პერიოდში კი 54 იყო,” – განაცხადა კავშირის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, ელენა ტიურინამ. – ”ჯერ არ არის შესყიდვები ტანზანიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, კონგოდან, ნიგერიიდან, რომლებიც მთავარი მყიდველები იყვნენ. გასული სეზონის ამ პერიოდში ნიგერიაში 500 000 ტონაზე მეტი გაიგზავნა, ტანზანიაში 166 000 ტონა, ხოლო სამხრეთ აფრიკაში – 100 000 ტონაზე მეტი“.
ტიურინას თქმით, ტრადიციული პარტნიორები მთავარ მყიდველებად რჩებიან. „პირველ ადგილზეა ეგვიპტე, სადაც სეზონის დასაწყისიდან 1,18 მილიონ ტონაზე მეტი ხორბალი უკვე გაიგზავნა, რაც თითქმის 30%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. მეორე ადგილზეა თურქეთი 1 მილიონ 100 ათასზე მეტით, მესამე ადგილზეა ირანი, სადაც 980 ათასი ტონა, ანუ 24%-ით ნაკლები გაიგზავნა. ამასთან, საუდის არაბეთში 540 ათას ტონამდე გაიზრდა, რაც სამჯერ მეტია შარშანდელთან შედარებით“.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ამ სეზონზე საკმაოდ აქტიურია გადაზიდვები ალჟირში, სუდანსა და იორდანიაში – უკვე გადაზიდულია 65 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული.
ტიურინას თქმით, მთავარ არხად რჩება ოფშორული გადაზიდვა, რომელიც გასულ სეზონთან შედარებით 8%-ით გაიზარდა.