ბელგიის ენერგეტიკის მინისტრის, ტინ ვან დერის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს 5-10 წელი საშინელი ზამთარი ელოდებათ, თუ ბუნებრივი აირის ფასების შესამცირებლად არაფერი გაკეთდება.
მისივე თქმით, კავშირი გაზისა და ელექტროენერგიის ფასებს შორის ხელოვნურია და რეფორმას საჭიროებს.
„მომდევნო ხუთიდან ათამდე ზამთარი საშინელი იქნება, თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ. უნდა ვიმოქმედოთ წყაროზე, ევროპულ დონეზე და ვიმუშაოთ გაზის ფასების გაყინვაზე“, – აღნიშნა ტინ ვან დერმა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა უნდა შეჩერდეს.
„ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე, რომელიც ახლა ხდება ენერგეტიკულ ბაზრებზე“, – აღნიშნა კანცლერმა.
მან ევროკავშირს ელექტროენერგიისა და გაზის ფასების ერთმანეთისგან გამოყოფისკენ მოუწოდა.
„არ შეიძლება მივცეთ პუტინის უფლება, განსაზღვროს ევროპის ელექტროენერგიის ფასი ყოველდღიურად“, – აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.
ევროკავშირი გაზისა და ელექტროენერგიის გაზრდილ ფასებს ებრძვის მას შემდეგ, რაც გაზის მთავარი მიმწოდებელი, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ამის გამო მას სანქციები დაუწესდა.
ცნობისათვის, ევროპაში ელექტროენერგიის ფასებმა მიმდინარე კვირაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.