რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონში შექმნილი ”სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის” თავმჯდომარის მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა ქალაქი დატოვა და რუსეთიდან აგრძელებს მუშაობას. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, რომ კირილ სტრემუსოვის მიერ გავრცელებული ბოლო ვიდეომიმართვები, რომლებიც ტელეგრამ არხზე ვრცელდება, ვორონეჟის სასტუმრო მარიოტშია ჩაწერილი.
BBC-ი ასევე იუწყება, რომ მათ ვერ შეძლეს გადაემოწმებინათ თუ როდის ან რატომ დატოვა კირილმა ხერსონი თუმცა ადასტურებენ, მის ყოფნას დასავლეთ რუსეთის ქალაქში.
ვიდეოები ასევე ნათლად მიუთითებენ, რომ ისინი გადაღებულია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროდან, იმის გათვალისწინებით, თუ რა სიმაღლეზეა გადაღებული შენობა და ფონზე რამდენიმე შენობის პოზიციები – მათ შორის შთამბეჭდავი ხუთგუმბათიანი ხარების ტაძარი.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში კონტრშეტევა დაიწყეს. რუსეთის შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი უკრაინის არმიის შეტევის შედეგად ხერსონში დაკავებული პოზიციიდან გაიქცა.
საქმე ეხება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109–ე პოლკ,ს რომელმაც საკუთარი პოზიციები დატოვა, ასევე რუს მედესანტეებს, რომლებიც მათ ამაგრებდნენ, თუმცა ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. გამოქვეყნებულ ვიდეოში ერთ–ერთი ოკუპანტი ჩივის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და რუსების პოზიციებს ტანკებით, არტილერიით და ავიაციით ბომბავენ.
“სიტუაცია დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში უკიდურესად რთულია. უზარმაზარმა და საშინელმა ჰაიმარსებმა პრაქტიკულად ყველა მსხვილი ხიდი გაანადგურეს. დარჩა მხოლოდ საფეხმავლო გადასასვლელები. რუსული არმია მოწყვეტილი ამოჩნდა იარაღის მომარაგებისა და პირადი შემადგენლობის შევსებისგან ყირიმის ტერიტორიიდან. უკრაინისთვის ეს ბრწყინვალე შანსია საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნეს“– ასეთ კომენტარს აკეთებს ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ოპერატიული დაჯგუფება “კახოვკა“.
მოგვიანებით ბრძოლის ველიდან რუსული ქვედანაყოფების გაქცევის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების პრეს–ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა. მან თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთით ბევრი მიმართულებით შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.