“ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ეხმაურება და პარტიის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის დამსახიურებებზე საუბრობს:
“არასდროს დაუმალავს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო არა ვინმეს დამარცხება და შურისძიება, არამედ საქართველოს გამარჯვება და წინსვლა.
ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართა საზოგადოებას,მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო დემოკრატიის ხარისხის ზრდა, სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ქვეყანა მაქსიმალურად გაარიდა ავტოკრატიული რეჟიმების შექმნის საფრთხის კრიტიკულ ზღვარს. საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფუნქციების სწორედ განსაზღვრა, პროპორციული არჩევნები… ეს არის ის უდიდესი დამსახურება, რასაც მე პირადად ამ ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო ნებას, პოზიციას მივაკუთვნებ და ამის ფასს კიდევ უფრო კარგად დაინახავს მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, მეგობრები, უკლებლივ ყველა…
დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული. ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია “ქართული ოცნების” მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება. ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად. და ბოლოს, დიდი მადლობა, მისი გუნდის სახელით, გამოცხადებული ნდობისთვის , ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის და ამ მიზნისკენ სავალი დემოკრატიული გზებისა და საშუალებების ჩამოყალიბებისთვის“, – აცხადებს კალაძე.