“პუტინის ბირთვული იარაღის მუქარა EU-მ სერიოზულად უნდა მიიღოს”

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ბლოკმა პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით სერიოზულად უნდა მიიღოს. ბორელმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ომი საშიშ მომენტამდე მივიდა.

“რა თქმა უნდა, ეს სახიფათო მომენტია, რადგან რუსული არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა ძალიან საშიშია”. – თქვა ბორელმა.

ბორელის თქმით, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ მათი მუქარა ბლეფი არ არის, საზოგადობა ამას სერიოზულად უნდა მოეკიდოს.

ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ “ბირთვული შანტაჟის” გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.

“თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა შესაძლო საშუალებას გამოვიყენებთ – ეს ბლეფი არ არის, რუსეთს თავდასხმაზე საპასუხოდ, დიდი რაოდენობით იარაღი აქვს”. – თქვა პუტინმა.

ასევე, პუტინმა NATO-ს ქვეყნების მაღალჩინოსნები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების, ბირთვული იარაღის გამოყენებასა და დასაშვებობაზე საუბარში დაადანაშაულა.

“მათ, ვინც თავს უფლებას აძლევენ, ასეთი განცხადებები რუსეთის მიმართ გააკეთონ, მსურს შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას ასევე აქვს სხვადასხვა გამანადგურებელი საშუალებები, ზოგიერთ კომპონენტში კი – უფრო თანამედროვე, ვიდრე NATO-ს ქვეყნებს”. – ამბობს პუტინი მიმართვაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share