ბიძინა ივანიშვილი თუ მართლა გაერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, „ქართულ ოცნებაში“ შიგნით დაპირისპირებები დაიწყება. დღეს გახარიას და კალაძის დაჯგუფებებია „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე ძლიერი და ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს დაპირისპირება კი, ძალიან მალე გამოვა სააშკარაოზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი მთლიანად ჩაეხსნება „ქართულ ოცნებას“ და არავისთან კომუნიკაცია არ ექნება. ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გუნდში ისევ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
„ქართული ოცნების“ დიდი მკვლევარი არ ვარ, ყველა ვხედავთ, რომ გახარიასა და კალაძე-კობახიძის ფრთას შორის დაპირისპირება აქამდეც იყო, თანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძეს აქვს ამბიცია პრემიერი იყოს. შესაბამისად, გახარიას და კალაძის დაპირისპირება იქნება და კალაძეს წარმოადგენს პარტიაში კობახიძე. დაჭამენ ერთმანეთს!“, – განაცხადა ელისაშვილმა.
„კობახიძეზე გაცილებით ძლიერი ფიგურა მანდ კალაძეა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გახარია. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა. „ქართულ ოცნებას“ ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მაგათი მემატიანე კი არ ვარ“, – განაცხადა ელისაშვილმა.