“„ქართული ოცნება” ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს და არა გია ხარჩილავას ავტოსატრანსპორტო საშუალებას…პრობლემა არის სიღრმისეული…პრობლემა არის სისტემური”-ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია წალენჯიხაში მერის, გია ხარჩილავას მხარდასაჭერად ჩავიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მერის ავტომანქანის დაწვის ფაქტი არის „ქართული ოცნების” მორიგი დანაშაულებრივი ნაბიჯი.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მას ამ საქმის გამოძიების მოლოდინი არა აქვს.

„ის, რაც მოხდა წალენჯიხაში გუშინ, ეს არ იყო გია ხარჩილავას, არჩეული წალენჯიხის მერის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაწვის ფაქტი, ეს იყო „ქართული ოცნების” მხრიდან მორიგი დანაშაულებრივი ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება თითოეულ წალენჯიხელს. დღეს გია ხარჩილავა ემსახურება ყველა წალენჯიხელს, განსხვავებით პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულებებისა, არჩეული მერი და მისი გუნდი წესით და რიგით ასე უნდა იქცეოდეს. ვინ რომელი პარტიის მხარდამჭერია, არ უნდა აინტერესებდეს არც მერს და არც მერის მოადგილეს და არცერთ საჯარო მოხელეს. სამწუხაროდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს დამოკიდებულება არის და გვხვდება მხოლოდ წალენჯიხაში. რატომ წალენჯიხაში? იმიტომ, რომ ოპოზიცია უმრავლესობაში არის მხოლოდ წალენჯიხაში.

იმის მაგივრად, რომ მთელი ცენტრალური ხელისუფლება დარაზმული იყოს, ეხმარებოდეს უნიკალურ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, უწვავენ მანქანას საცხოვრებელ სახლთან და ამით ღიად დეკლარირებენ, რომ მათ არაფერი არ დარჩენიათ საკუთარ პოლიტიკურ რეპერტუარში გარდა დანაშაულების ჩადენისა. რა თქმა უნდა, ეს დანაშაული არ გაიხსნება. ნუ გექნებათ ამის ილუზია, იმიტომ, რომ როდესაც დანაშაულს ჩავდივარ მე და ვიძიებ მე, ამ დანაშაულს მე არ გამოვიძიებ, იგივე მდგომარეობაა „ქართულ ოცნებაში”. საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება” ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს და არა გია ხარჩილავას ავტოსატრანსპორტო საშუალებას. პრობლემა არის სიღრმისეული, პრობლემა არის სისტემური”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას კუთვნილი მანქანა, მისივე სახლია ჭიშკართან დაწვეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share