„გრინსერვისი+“-ის დირექტორი: “წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს“

გრინსერვისი+-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის მტკიცებით, ვაკის პარკში შადრევანში ყველა სამუშაო ნორმის ფარგლებში იყო ჩატარებული და აპარატურა საქართველოში ჩამოტანამდე შემოწმდა. ფურცხვანიძე ამბობს, რომ მომხდარს “წინასწარ განზრახულ ქმედებას” უკავშირებს.

“მთავარი კითხვები იყო შესრულებული სამუშაოს შესახებ და უბედური შემთხვევის შესახებ. პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს და ეს ნახეს უკვე პოლიციაში და გამოძიება დაადგენს.

შემოწმებული იყო სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, შემოწმებული იყო, ამის ტესტირება და რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში. ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას ვიტყვი, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, უკვე გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ და მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის. ჩვენ 2 თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმი გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მე ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულს ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ მეც დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით ვაი ჟურნალისტების და ვაი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ თურმე ვიღაცამ დაიძახა, რომ მანდ დენია. შეუძლია გამოძიებას მარტივად თუ არამარტივად, იცით რა არის, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მე ვერ ვიტყვი”, – თქვა ფურცხვანიძემ.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკში 3 ბავშვს შადრევანში დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. ერთ-ერთი არასრულწლოვანი 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება დანარჩენ ორ მოზარდს, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოდან გუშინ, 14 ოქტომბერს გაწერეს, მეორე მოზარდის მდგომარეობა კი გაუმჯობესდა და ის მართვით სუნთქვიდან მოხსნეს.

მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

თბილისის მერიამ  ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს ტრაგედიამდე 1 დღით ადრე გახსნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share